გახარიას არგუმენტი ესმით თბილისელებს, ვერ გაიგო კახა კალაძემ

გახარიას არგუმენტი ესმით თბილისელებს, ვერ გაიგო კახა კალაძემ, მეტი იკადრეს მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა

ლევან დოლიძე – საიდუმლო შეხვედრები მერიის 21-სართულიან შენობებში, დღისით, მზისით არ ხდება – გახარიას არგუმენტი ესმით თბილისელებს, ვერ გაიგო კახა კალაძემ, მეტი იკადრეს მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა
ეს არის ორ კაცს შორის ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც გიორგი გახარიამ გადადგა ძალიან ღირსეული ნაბიჯი, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ლევან დოლიძე გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ გიორგი გახარია კახა კალაძეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა.
„საიდუმლო შეხვედრები 21-სართულიან შენობებში და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს შენობა არის ქალაქ თბილისის მერია, დღისით, მზისით არ ხდება. შეხვედრის გასაიდუმლოების მიზანი რომ ყოფილიყო, ეს შეხვედრა სხვა ფორმატში შედგებოდა. ერთადერთი შეხვედრა, რაც ბატონი გიორგი გახარიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კახა კალაძესთან შედგა, ეს იყო გუშინ და მას ჰქონდა თავისი კონკრეტული არგუმენტი. როდესაც პოლიტიკოსი შედის პირად დაპირისპირებაში ამ შემთხვევაში თბილისის მერთან და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არის ყოფილი კოლეგა, რომელთანაც ჰქონდა ღირსეული ურთიერთობები და ამას გიორგი გახარიამ მანამდეც გაუსვა ხაზი არაერთხელ, ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რომ ადამიანი ამის შესახებ თავის კოლეგას აგებინებს არა ტელევიზიით, არამედ პირადი კომუნიკაციით. ეს კარგად ესმით თბილისელებს და ჩვენს მოქალაქეებს, ვერ გაიგო კახა კალაძემ, მეტი იკადრა მისი პოლიტიკური გუნდის სხვა წარმომადგენლებმა. ეს არის ორ კაცს შორის ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც გიორგი გახარიამ გადადგა ძალიან ღირსეული ნაბიჯი“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, დოლიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ შუამავლის მეშვეობით მერის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ „ქართული ოცნებისგან“ ფინანსური მხარდაჭერა მოითხოვა, ჭორაობაა და ამ მეთოდით თავისი პოლიტიკური ამოცანების მიღწევას ცდილობს.
„არიან პოლიტიკური ლიდერები, რომელთა პოლიტიკური ქცევის სტანდარტი არის აბსოლუტურად განსხვავებული. ეს არის ძალიან არასწორი საქციელი, როდესაც ორ კაცს შორის პოლიტიკური ლიდერი დგამს ასეთ ღირსეულ ნაბიჯს და მეორე მხრივ ჩვენ ვისმენთ ჭორაობას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი ძალა თავის პოლიტიკურ აქტივობას ახორციელებს ჭორებით, სიცრუის გავრცელებით, საკუთარი პოლიციელებისთვის, საკუთარი სამხედროებისთვის გარკვეული ბრალდებების წაყენებით მხოლოდ იმისათვის, რომ მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანას“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები