საქართველოში ემიგრანტებს უფრო მეტი ფული შემოაქვთ, ვიდრე უცხოელ ინვესტორებს

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობას აღმავალი ტენდენცია აქვს.

უცხოეთიდან გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა – 1,886 მლრდ აშშ დოლარი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მაღალი იქნება მიმდინარე წელსაც, რადგან 7 თვის განმავლობაში ქვეყანაში ემიგრანტებმა უკვე 1,291 მლრდ აშშ დოლარი გამოგვიგზავნეს.

ის ფაქტი, რომ ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მაღალი ტემპით იზრდება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა პერსპექტივას არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში ეძებს, მათ შორის, შემოსავლების თვალსაზრისითაც.

აქ ყველაზე საინტერესო ის გარემოებაც არის, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ემიგრანტებს უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოაქვთ საქართველოში, ვიდრე ამას უცხოელი ინვესტორები აკეთებენ. 2018 წელს ქვეყანაში ჯამში 1,317 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ამავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობამ 1,580 მლრდ დოლარი შეადგინა. 2019 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,336 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა ფულადი გზავნილები 1,933 მლრდ დოლარი იყო.

უკვე 2020 წელს, პანდემიის პირობებში ინვესტიციების შემოდინების მოცულობამ რადიკალურად იკლო და 572 მლნ დოლარი შეადგინა და ეს მაშინ, როცა ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და 1,886 მლრდ დოლარი შეადგინა. ვითარება არც მიმდინარე წელს შეცვლილა. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 132,2 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, იმავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა კი 499 მლნ დოლარი იყო.

ცხადია, საქართველოს მსგავს პატარა და ღია ტიპის ეკონომიკისთვის უცხოური ინვესტიციები დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჯანსაღი ინვესტიციები ხელს უწყობს წარმოების წახალისებას, რაც იწვევს დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებას. ამასთან, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, რაც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას მოსახლეობისთვის უფრო მეტი გააკეთოს. თუმცა, მარტო ამ შედარებითაც კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია ეკონომიკა და როგორ უჭირს ქვეყანას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

საკითხში გარკვეული ადამიანები ინვესტიციების სიმცირეს საქართველოში სხვადასხვაგვარად ხსნიან. ერთ-ერთი ყველზე პოპულარული არგუმენტი, რომელსაც მთავრობა ამ მიმართულებით იყენებს, განათლების დაბალი დონეა, რაც ხელს უშლის ინვესტორს, რომ საქართველოში ფული ჩადოს. თუმცა, იგივე არგუმენტს იშველიებენ სხვა პრობლემების მიმართულებით, მაგალითად, უმუშევრობის, სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი ტემპების და ა. შ.

რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოდინების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემაც იყოს, მაგრამ ზოგადად სამყაროში ერთ დამოკიდებულ ცვლადზე სხვადასხვა დამოუკიდებელი ცვლადი შეიძლება მოქმედებდეს. აქ მთავარი ისაა, თუ რომელ ცვლადს უფრო დიდი გავლენა აქვს დამოკიდებულ ცვლადზე. ასე მაგალითად, როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ წავიდეს სავაჭრო ცენტრში, ამ გადაწყვეტილებაზე შეიძლება რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადი ახდენდეს გავლენას, მათ შორის, ტანსაცმლის აუცილებლობა, განტვირთვა, ან დროის გაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის გადაწყვეტილებაზე სავაჭრო ცენტრში წასულიყო, 90%-იანი გავლენა ტანსაცმლის აუცილებლობამ განაპირობა, მაშინ გამოდის, რომ მთავარი ფაქტორი სწორედ ეს ყოფილა და არა განტვირთვა, ან დროის გაყვანა. ასე ხდება უცხოური ინვესტიციების შემთხვევაშიც, გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ პრობლემებზე აქცენტირება ფართო მასშტაბით არ ხდება.

ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხია. საერთაშორისო ინდექსებიც სწორედ ამაზე მიუთითებს. Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველოს ყველაზე დაბალი შეფასება სწორედ კანონის უზენაესობის მიმართულებით აქვს. ამას ემატება კორუფციის აღქმის დონეც. კერძოდ, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ამ თვალსაზრისით პროგრესი არ ჰქონია და 2019 წლის მოცემულობის მსგავსად 2020 წელსაც კორუფციის აღქმის ინდექსში საკმაოდ „სოლიდური“ – 56 ქულა ჰქონდა, რაც ქვეყნისთვის პრობლემაა.

ბანალური შეკითხვა, რას გააკეთებდით მილიონი რომ გქონდეთ, ცოტა რომ შევცვალოთ და მეტი გულწრფელობისთვის საკუთარ თავს ვკითხოთ: მილიონი დოლარი რომ გვქონდეს, დავაბანდებდით თუ არა იმ ქვეყანაში, სადაც მაღალია კორუფციის აღქმის ინდექსი და დაბალია სასამართლოს სისტემის მიმართ ნდობა? დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რა პასუხს მივიღებდით.

BPN

მსგავსი სიახლეები