თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ქართულ ოცნებაში” კახა კალაძეს თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატად ასახელებენ, თუმცა ამ უკანასკნელის საჯარო და ოფიციალური თანხმობა, ჯერჯერობით, არ არსებობს. შესაბამისად, იბრძოლებს თუ არა ქალაქის მოქმედი მერი ამავე თანამდებობაზე მეორე ვადით ასარჩევად, ჯერ დაუზუსტებელია.
დააკმაყოფილებს თუ არა კალაძეს მერად საქმიანობა კიდევ 4 წლით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში თავისი ერთ-ერთი საკვანძო პოზიციიდან გამომდინარე? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, როგორ და სად ხედავს კახა კალაძე თავის პოლიტიკურ მომავალს.
“ის თვითონ ლიდერია”
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ვინ იქნება ან თავად იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, კალაძემ 29 ივნისს თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
სანამ მეტს გავიგებდეთ, კალაძის გუნდში არაერთგზის საუბრობენ მასზე, როგორც უალტერნატივო კანდიდატზე, თუმცა დასძენენ, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ პასუხს ელიან პირადად მისგან.
“მერობის კანდიდატი პარტიიდან არის ერთადერთი. ეს არის კახი კალაძე, პირდაპირ გეტყვით.
უბრალოდ, ჩვენ ველოდებით ბატონი კახისგან რომ თანხმობა მოგვცეს ამაზე და შესაბამისად მოხდება წარდგენა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
არავინ განიხილებოდა და არც განიხილება დღეს. ველოდებით, რომ ბატონი კახი ჩამოყალიბდება, საბოლოოდ იტყვის თარიღს და თანხმობას”, – უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ზარქუამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “ღამის კურიერი” “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ კალაძის, როგორც
“ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის” მიმართ გუნდის პოზიცია ცალსახაა, თუმცა თავად უნდა გადაწყვიტოს, იბრძოლებს თუ არა მერობისთვის მეორე ვადით.
“პირველ რიგში, ეს არის დამოკიდებული კახი კალაძეზე. შეიძლება, იყოს შემთხვევა, როდესაც ვინმეს პოზიციაზე დარჩენა სურს, მაგრამ გუნდმა მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
მაგრამ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, გამომდინარე კახა კალაძის განსაკუთრებული დამსახურებიდან გუნდის წინაშე; გამომდინარე იქიდან, რომ ის არის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.
ის თვითონ ლიდერია. ის არ არის ერთ-ერთ წარმომადგენელი გუნდის, რომელთან დაკავშირებითაც სხვამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება”, – დასძინა კობახიძემ.
წამყვანმა “ოცნების” თავმჯდომარეს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გუნდში ამ დრომდე არ იციან კალაძის პოზიცია.
“შეიძლება ვიცით, შეიძლება არ ვიცით… როდესაც წინასწარ აკეთებ განცხადებას კანდიდატთან დაკავშირებით, გარკვეულ ფარდობით უპირატესობას უქმნი შენს ოპონენტს. აქედან გამომდინარე ხდება ყოველთვის ისე, რომ კანდიდატის დასახელება ხდება არა 6 ან 7 თვით, არამედ 1 თვით ადრე არჩევნებამდე”, – უპასუხა წამყვანს კობახიძემ.
კალაძე, როგორც საფრთხე “ოცნებისთვის”?
“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის კახა კალაძის მძლავრი პოზიციები რიცხვებშიც დასტურდება. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) კვლევით, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა, ის მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარულ საჯარო ფიგურებს შორის. გამოკითხვაში პირველ ადგილს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი იკავებს, მეორე პოზიციაზე კი გიორგი გახარიაა, რომელიც კვლევის 24-დღიან პერიოდში(ბოლო 8 დღის გამოკლებით) პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდის წევრი იყო.
კიდევ ერთი, ედისონ რისერჩის კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც 25 ივნისს გამოქვეყნდა “ფორმულაზე”, “ქართულ ოცნებას” გამიჯნული გახარია ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება, “ოცნების” ლიდერთა შორის კი პირველ ადგილზე კახა კალაძემ გადაინაცვლა. მის მიმართ მოსახლეობის 50%-ია დადებითად განწყობილი. მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 38-38% აქვთ.
“კალაძე არის ერთ-ერთი იშვიათი “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებიდან, რომლებსაც ღიად დაუფიქსირებიათ დამოუკიდებელი აზრი.
მაგალითად, ერთი ეპიზოდი მახსენდება, როცა ჰკითხეს, წავიდოდა თუ არა თბილისის მერობიდან, თუ ბიძინა ივანიშვილის სთხოვდა და მან თქვა, არა, რატომ უნდა წავიდეო. შეეძლო, უფრო დიპლომატიურადაც ეპასუხა, მაგრამ ასე არჩია.
საჯაროდ რასაც ვხედავთ, იმაზე დაყრდნობით, რაიმე დიდი დასკვნის გამოტანა ძნელია, თუმცა ის ნათლად ჩანს, რომ სხვებთან — კობახიძესთან, თალაკვაძესთან და ა.შ. — შედარებით, დამოუკიდებელი ფიგურაა”, – ეუბნება ნეტგაზეთს პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია.
რას უქადის აღნიშნული მოცემულობა “ქართული ოცნების” ამჟამინდელ სტატუს-ქვოს? შესაძლებელია თუ არა, კალაძემ იმაზე მეტი მოინდომოს, ვიდრე მეორე ვადით ქალაქის მერობისთვის ბრძოლაა? ცხადაიას უჭირს ამ საკითხზე გადაჭრით საუბარი. პოლიტოლოგის თქმით, საჯაროდ არ იკვეთება, რომ კალაძეს მზარდი ამბიციები აქვს, თუმცა მისი პოპულარობა არც აღნიშნულის გამორიცხვის საშუალებას იძლევა:
“…ის ფაქტი, რომ მისი რეიტინგი მზარდია და რაღაც დონის დამოუკიდებელი ფიგურაა, ეს თავისთავად საფრთხეა “ქართული ოცნებისთვის”, იმიტომ, რომ როგორც ბოლო წლებმა გვაჩვენა, ფიგურა, რომელიც უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება, უფრო მეტი ამბიციაც უჩნდება. კალაძესაც, შეიძლება, ეს დაემართოს, შეიძლება— არა”.
კალაძეზე, როგორც პოტენციურ საფრთხეზე “ქართული ოცნებისთვის”, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, ეს თავად პარტიის მმართველობის სისტემიდან გამომდინარეობს, რომელიც ვერ გუობს “პოლიტიკურ ავტორიტეტებს” თავის რიგებში. ამის გამო, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ თბილისის მოქმედი მერისთვის “ოცნებასთან” ერთად ბრძოლა არც ერთ შემთხვევაში იქნება მომგებიანი.
“ის რადგან პოლიტიკაშია, მეტი რომ უნდოდეს, გასაკვირი არ იქნებოდა. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია ეს. პოლიტიკაში იმისთვის ხარ, რომ წინ იარო. მაგრამ რამდენად კრიტიკული ამოცანაა ეს, ვერ დავიწყებთ დამაჯერებლად ამაზე მსჯელობას.
მე შემიძლია, ერთი რამე გითხრათ, თუ რას ვურჩევდი კახა კალაძეს ამ ვითარებაში, როდესაც თვითონ “ქართული ოცნების” სტრუქტურიდან, მისი მმართველობითი სისტემიდან გამომდინარე, რომელიც ანადგურებს ავტორიტეტებს და პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს ძალიან უფრთხის. ეს ჩვენ ვნახეთ ცოტა ხნის წინ გახარიას მაგალითზე.
კახა კალაძეს ვურჩევდი, დისტანცირება მოახდინოს “ქართული ოცნებიდან”, იმიტომ, რომ ის დარჩა, ფაქტობრივად, უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ამ მანკიერი მმართველობითი სისტემის გაგებით, წარმოადგენს საფრთხეს ძალაუფლების აბსოლუტურ კონტროლთან დაკავშირებით. ასე რომ, ის არის შემდეგი სამიზნე და რაღაც პერიოდის განმავლობაში მას აუცილებლად შეჭამს ეს სისტემა”, – ეუბნება ხუხაშვილი “ნეტგაზეთს”.
“კიდევ 4 წელი მერობა ნიშნავს, რომ ის გაიყინა”
კალაძის თანამდებობრივ ამბიციებზე კითხვის საპასუხოდ, გია ხუხაშვილი დასძენს, რომ თბილისის მერზე დიდი ლეგიტიმაცია მხოლოდ პრემიერ-მინისტრს აქვს. პოლიტოლოგი არ ელის, რომ “ბიძინა ივანიშვილმა ის ამდენად [შეიძლება] მიუშვას თავის ნებაზე” და კალაძემ პრემიერობაზე თანხმობა მიიღოს, თუმცა, არც მერობისთვის ხელახალი ბრძოლა მიაჩნია მისგან სტრატეგიულად სწორედ ნაბიჯად:
“კიდევ 4 წელი მერობა ნიშნავს, რომ ის გაიყინა. მას ის პოტენციალი აღარ აქვს. ახლაა მომენტი, როცა შეუძლია, მეტი ამბიცია გაიჩინოს, ანუ წინ წაიწიოს. თუ ის დარჩა მერობის კანდიდატად, ესე იგი, ის არის მერი და ეს არის მისი მაქსიმუმი… შეიძლება, მას აკმაყოფილებს ეს და არ აქვს მეტი ამბიცია. ყველა ადამიანს ვერ მოსთხოვ იმას, რომ ბოლომდე იაროს”.
რაში გამოიხატება “წინ წაწევა”? ხუხაშვილის თქმით, ერთი მხრივ, კალაძეს შეუძლია, მერის პოზიციაზე კენჭისყრის სანაცვლოდ გარკვეული “გარანტიები, იმუნიტეტი” ან მატერიალური რესურსები მოსთხოვოს “ოცნებას”, რაზეც პარტია უარს ვერ იტყვის, ვინაიდან “ნებისმიერი სხვა კანდიდატის შემთხვევაში “ქართული ოცნება” დგება პრობლემის წინაშე, რომ შეიძლება, წააგოს მერის არჩევნები”.
თუმცა, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ სტრატეგიულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კალაძისთვის მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლად მოქმედება იქნება, რისი ერთ-ერთი გზაც გახარიას გუნდთან შეერთებაა.
“ვურჩევდი, დროზე გადგეს გვერდზე. თუ პოლიტიკაში უნდა დარჩენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ამ მხრივ კალაძე-გახარიას ტანდემი, რაც ფაქტობრივად მათ, ორივეს, გააძლიერებს, გარკვეულ სინერგიას შექმნის და მისცემს გარკვეულ იმუნიტეტს პოლიტიკურ პროცესში, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ზუსტად ეს ტანდემი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ კუბოში ოცნების ბოლო ლურსმანი, რადგან იქ აღარავინ დარჩება ისეთი, ვისაც საკუთარი პოლიტიკური წონა აქვს”.
გიორგი ცხადაიას აზრით კი, კალაძის შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, რა სურს მას: მეტ-ნაკლები დამოუკიდებლობა პარტიის შიგნით თუ უფრო მეტად პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბება. პოლიტოლოგის თქმით, თუ კალაძეს მთავრობის მეთაურობის ამბიცია აქვს, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რა ელის მის ამჟამინდელ პოზიციებს “ოცნებაში”:
“თუ მისი მიზანია, მეტნაკლებად დისტანცირდეს “ოცნებისგან”, უფრო მეტად არ პოლიტიზირდეს და შეინარჩუნოს ასეთი, რაღაც დონის დამოუკიდებლობა, მაშინ მერობა, მგონი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი გადმოსახედიდან.
თუ უნდა, პოლიტიკაში უფრო მეტად გაერიოს… შეიძლება, უნდოდეს პრემიერ-მინისტრობა ან რაიმე მსგავსი. მაგრამ ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ დამოუკიდებლობას დაკარგავს. მერობა მაინც ისეთი თანამდებობაა, რომ შეგიძლია, კონცენტრირდე რაღაც კონკრეტულზე და დამოუკიდებლობაც რაღაც ხარისხით შეინარჩუნო.
მაგრამ როგორც მოვლენებმა გვაჩვენა, პრემიერ-მინისტრი როცა ხარ, გიწევს პირდაპირ დავალებების შესრულება უფრო ხშირად, ვიდრე მაშინ, როცა მერის თანამდებობა გიკავია”.
არც ცხადაია და არც ხუხაშვილი ფიქრობენ, რომ კალაძისთვის მარტივი იქნება რაიმე, თავისი გუნდის ნების საწინააღმდეგო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა სურს პირადად მას.
გიორგი ცხადაიას სიტყვებით, არ არის გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში “ოცნებამ” მოქმედი მერის წარსული ქმედებები გამოიყენოს მისსავე წინააღმდეგ, გია ხუხაშვილი კი ახსენებს “ქართული ოცნების ბუნებას”, რაც ერთ დროს მის მიერვე განდიდებული პოლიტიკოსის დისკრედიტაციას გულისხმობს მას შემდეგ, რაც ის პარტიის პოლიტიკას გაემიჯნება.
“უფრო მაღალი ალბათობით ყველაფერი დატრიალდება იმავე წრეზე,რომელზეც ახლა ვართ, რადგან მგონია, რომ კახა კალაძე სეროზული პოიტიკური ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს”, – დასძენს ხუხაშვილი.