პოლონეთი საქართველოს “ფაიზერის” 468 ათას დოზას გადმოსცემს

პოლონეთის მთავრობა საქართველოს “ფაიზერის” ვაქცინის 468 000 დოზას გადმოსცემს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

“მოხარული ვარ, რომ პოლონეთმა, ამ რთულ პერიოდში საქართველოს დახმარება შეძლო. იმედი მაქვს, მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში, პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება”, — განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიმ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, “ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე, ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად”.

“ფაიზერის” ვაქცინა ქვეყანაში 5 ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.

მსგავსი სიახლეები