რუსეთ-ჩინეთის საერთო ხედვა „ახალ ეპოქის“ ურთიერთობებზე და ნატოს წინააღმდეგ

ჩინეთმა და რუსეთმა „ახალ ეპოქაში შემავალი“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური მდგრადი განვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

განცხადება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ 15 დოკუმენტის პაკეტი პეკინში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებებზე შეთანხმდა. ერთობლივი განცხადებით, რომელიც კრემლმა გამოაქვეყნა, რუსეთი და ჩინეთი დასავლეთს მოუწოდებენ, „უარი თქვას ცივი ომისდროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე“ და ნატო-ს გაფართოებაზე. მათ, ასევე, დაგმეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების ბლოკების შექმნა Aukus-ის სახით, რომელიც შეერთებული შტატების, გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიის ალიანსია რეგიონში ჩინეთის შესაკავებლად.

„მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებენ, უარი თქვა „ცივი ომის“ დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივის სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული სტრუქტურების მრავალფეროვნებას. მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ფორმირებას და ინარჩხუნებენ სიფხიზლეს აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთი და რუსეთი საუბრობენ მსოფლიო ძალთა ბალანსის ხელახალი გადანაწილების ტენდენციაზე და ამბობენ, რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც წარმოადგენს უმცირესობას მსოფლიო ასპარეზზე, აგრძელებს საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის ცალმხრივი მიდგომების ადვოკატირებისა და ძალის პოლიტიკის გზით, ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აზიანებს მათ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და იწვევს დაპირისპირების პროვოცირებას.

„მხარეები ერთსულოვანნი არიან იმის გაგებაში, რომ დემოკრატია უნივერსალური ადამიანური ღირებულებაა და არა — ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო და აღნიშნულია, რომ არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოების ხარჯზე და მსოფლიო უსაფრთხოებისგან იზოლირებულად.

„რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან გარე ძალების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემლახავ ქმედებებს ჩვენს საერთო მიმდებარე რეგიონებში, აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ძალების ამა თუ იმ საბაბით ჩარევას სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში, ეწინააღმდეგებიან „ფერად რევოლუციებს“ და გაზრდიან თანამშრომლობას ზემოაღნიშნული მიმართულებებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

მხარეები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, პოზიტიურად უპასუხოს რუსეთის ინიციატივას და უარი თქვას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ევროპაში სახმელეთო საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე.

ამასთან, ჩინური მხარე მხარს უჭერს რუსეთის წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახიფათო სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობებს ეწევიან შინ და გარეთ და ზიანს აყენებენ რუსეთის და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას.

განცხადების თანახმად, მხარეები აპირებენ მტკიცედ დაიცვან მეორე მსოფლიო ომის შედეგების ხელშეუხებლობა და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი, გაეროს ავტორიტეტი და სამართლიანობა საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე, წინააღმდეგობა გაუწიონ მეორე მსოფლიო ისტორიის უარყოფისა და გაყალბების მცდელობებს.

მსგავსი სიახლეები