გოგაშვილის თქმით, გელა ხვედელიძე ივანიშვილის გინების გამო სცემეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე 2017 წელის თავდასხმა მის მიერ სატელეფონო საუბრისას ბიძინა ივანიშვილის გინების გამო მოხდა.

ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში გოგაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავებისას სახლიდან შიდა მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერი სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ წაშლილია ისევე, როგორც „ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო“. ასეთი „უკანონო“ დავალებების ჩამოთვლისას გოგაშვილი გელა ხვედელიძის ცემის საქმეს იხსენებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალება “ოთარ ფარცხალაძის ბანდამ შეასრულა”:

„როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი ოტომ გააქრო“ – ამბობს გოგაშვილი.

ოტო იგივე ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტია, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზეა ქვეყანაში პასუხისმგებელი.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს გოგაშვილის განცხადების თაობაზე გელა ხვედელიძესთან დაკავშირებას. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს 2017 წელს საკუთარ სახლთან დაესხნენ და სცემეს.

გოგაშვილის მონათხრობი წინააღმდეგობაშია ხვედელიძის ძველ განცხადებებთან.

თავად ხვედელიძე აცხადებდა, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ და ამბობდა, რომ ეს სოსო გოგაშვილის დავალებით მოხდა, რომელიც იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა:

„ყოველთვის ინტერესის სფეროში ვარ. ყველამ კარგად იცის ეს, მათ შორის გოგაშვილმაც კარგად იცის. ძირითადად ეგ ახორციელებდა ჩემთან მიმართებით გარკვეულ ოპერატიულ ღონისძიებებს. თვალთვალის კუთხით, ვის ველაპარაკებოდი, რას ველაპარაკებოდი…  ჩემს მეგობრებს ეუბნებოდნენ, გაანებეთ გელასთან ურთიერთოაბს თავი, ჩვენი მტერია… რატომ ვარ მტერი?“ – ამბობდა ხვედელიძე 2017 წელს.

ხვედელიძის ცემის ეპიზოდზე ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

მსგავსი სიახლეები