დენის ორი ქვითარი – გაიზარდა თუ არა გადასახადი?

რატომ მიიღეს მოქალაქეებმა ორი ქვითარი დეკემბრის ელექტრონერგიის გადასახადზე და გაიზარდა თუ არა ეს გადასახადი?

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ასობით მოქალაქე წერს, რომ კომუნალური გადასახადები – მათ შორის, ელექტრო ენერგია,  საგრძნობლად გაეზარდათ.

სემეკის გადაწვეტილებით,  ახალი ცვლილების თანახმად, აბონენტებს 2 ქვითარი მოუვიდათ: ერთი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ნოემბრისა და დეკემბრის დასაწყისის ელექტროენერგიის გადასახადი, ხოლო მეორე დეკემბრის ბოლოს – რომელშიც ასახულიყო დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ არა მხოლოდ ორი ქვითარი მიირეს, არამედ გადასახადიც გაეზარდათ.

საკითხის შესახებ იციან, როგორც თავად „თელმიკოში“ , ასევე მარეგულირებელ უწყებებში – უწყებებში  ირწმუნებიან, რომ მოქალაქეები ზედმეტს არ იხდიან, გაურკვევლობა კი ქვითრებმა გამოიწვია.

რას ამბობენ მოქალაქეები?

არაერთი მოქალაქე ფეისბუკზე წერს, რომ არაადეკვატურად დიდი გადასახდელი მოუვიდა, ზოგი აცხადებს, რომ გაორმაგებულიც კი.

აი, რამდენიმე შეტყობინება, რომლებიც მოქალაქეებმა „თელმიკოს“ ოფიციალურ გვერდზე დატოვეს:

  • „24.12-ში გადავიხადე და 3.01-ში თითქმის იგივე თანხა მოვიდა გადასახდელი.როგორ მოვახერხე ათ დღეში ნეტავ იმდენის დახარჯვა,რასაც ერთ თვეში ვხარჯავდი?!“
  • „თვეში რამდენჯერ უნდა გადაგიხადონ ადამიანებმა? მიხაროდა მოვრჩი ყველა კომუნალურს, დეკემბრის ბოლოს და 3 იანვარს ისევ გადასახადი, კარგად თუ ხართ?…,“
  • „უნამუსობა და უპასუხისმგებლობაა.. წელიწადში 12 თვეა და დენი და წყლის გადასახადი გადავიხადე 13-ჯერ. თანაც, რაც 30 დღეში იყო გადასახადი 13 დღეშიც იგივე მომივიდა. ანუ მრიცხველი კი არ წაიკითხეთ უბრალოდ დააკოპირეთ წინა ქვითარი..,“

ყველა ჩამოთვლილ შეტყობინებაზე „თელმიკო“ ინდივიდუალურად პასუხობს და ამბობს, რომ მომხდარს შეისწავლის.

ოფიციალური განმარტებები

„თელმიკოში“ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ფასები არ გაზრდილა, გაურკვევლობა კი 2-მა ქვითარმა გამოიწვია.

კომპანია განმარტავს, რომ 2 ქვითარი მოვიდა იმიტომ, რომ 2022 წლიდან თბილისი მრიცხველთა ერთიან სისტემაზე გადავიდა – „შესაბამისად, დეკემბერი სრულად უნდა ყოფილიყო გასწორებული და დაფარული“.

კომპანიის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მათ ერთი ქვითარი მოუვიდათ იმ რიცხვში, როგორც მანამდე მისდიოდათ ხოლმე, ხოლო მეორე მოვიდა დეკემბრის ბოლოს – იანვრის დასაწყისში.

“თელმიკოს” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოქალაქეებს გაზრდილი გადასახადი არ დარიცხვიათ:

„ზედმეტი დარიცხვა ამ შემთხვევაში არ მომხდარა. უბრალოდ, ზოგ შემთხვევაში ჩვენ არ გავაგზავნეთ გამზადებული ქვითრები 31-ში, 1-სა და 2-ში. ანუ სამი დღის განმავლობაში მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილთან, ვისთანაც უნდა მისულიყო, არ მივიდა და ეს მოხდა საახალწლო დღეებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ეს გამზადებული ქვითრები დაეგზავნათ 3 და 4 რიცხვებში. მოქალაქეების ნაწილისთვის დაემთხვა ის, რომ არ მისულა ქვითარი – ძველი დავალიენაბის გადახდის ვადა ჰქონდათ და გადაიხადეს. ეს გადახდა, რა თქმა უნდა, ამ ქვითრებში ასახული ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ ქვითარი მომზადდა მანამდე, ამასობაში მათ გადაიხადეს ის ძველი დავალიანება და შესაბამისად, ახალ ქვითარში მოხვდა ძველი დავალიანებაც და ახალიც. ამის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გავავრცელეთ,“ – ამბობს ნეტგაზეთთან „თელმიკოს“ წარმომადგენელი.

კომპანია ამბობს, რომ მოქალაქეებს არ მოუწევთ ზედმეტის გადახდა, აცდენაში კი მარტივად დარწმუნებიან თავად თუ გადაამოწმებენ ან ონლიანბანკში ან Paybox-ში, სადაც ჩანს რეალური დავალიანება.

ორი ქვითრის შესახებ ინფორმაცია „სემეკმა“ ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გაავრცელა.  უწყება ამ გადაწყვეტილებას ხსნის ასე:

„აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება“.

მოქალაქეების კითხვების შემდეგ, სემეკმა განმარტა, რომ ინდივიდუალურად შეისწავლის ყველა შემთხვევას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში – „იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.

ბევრი მოქალაქისთვის დარიცხული გადასახადი დამატებითი კითხვების გამჩენი იყო იმიტომაც, რომ ზაფხულში სწორედ „სემეკმა“ დააჯარიმა „თელმიკო“ და „თელასი“. მაშინ „სემეკის“ ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ თქვა, რომ ორივე კომპანიამ აბონენტებს დამატებით 1,3 მლნ ლარი დაურიცხეს. მათ თანხის დაბრუნება და ჯარიმის გადახდა დაევალათ.

ნეტგაზეთმა ჰკითხა „სემეკს“ ხომ არ აპირებდა ის, კვლავ შეესწავლა – აქვს თუ არა ამჟამადაც ადგილი აბონენტებისთვის ზედმეტის დარიცხვას და ზოგადად, რამდენი შეტყობინება შევიდა ამ დღეებში მოქალაქეებისგან.

„სემეკში“ გვიპასუხეს, რომ როგორც წესი, ყოველდღიურად აბონენტებისგან 100 შეტყობინება შედის.

„ძირითადი კითხვები შეეხება, თუ რატომ მიიღეს 2 ქვითარი. რაც შეეხება განცხადებით მომართვას – ამ ეტაპზე მხოლოდ 10 მდე პირმა მოგვმართა. თუ გამოვლინდება სისტემური დარღვევების ფაქტები, კომისია, რა თქმა უნდა, შეისწავლის საკითხს,“ – ნათქვამია „სემეკის“ წერილობით პასუხში.

გაძვირებული დენის ტარიფი

რეალურად, ელექტრო ენერგიაზე ტარიფი ჯერ კიდევ 2021 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდა – არასაყოფაცხვორებო მომხმარებელთათვის – 15 თეთრამდე, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ფასნამატმა 3,5 თეთრს შეადგინა.

თუმცა, 2020 წლის ბოლოს, 2021 წლისთვის მთავრობამ სუბსიდია დააწესა – მაშინდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას იმ მომხარებლებისთვის, რომლებიც 300 კილოვატამდე ენერგიას ხარჯავენ თვიურად, მთავრობა ასუბსიდირებდა. მთავრობის მაშინდელი დათვლით, სუბსიდირება შეეხო მოქალაქეთა 95%-ს.

ვრცლად წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

მსგავსი სიახლეები