არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, „კოვიდ რეგულაციების“ დარღვევის გამო დაწერილი ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება კოვიდ პანდემიას „სათავისოდ“ იყენებს. წინასაარჩევნოდ ჯარიმების ჩამოწერა ცალსახად ცხადყოფს მიზნობრიობას, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგებას ემსახურება. ჩნდება კითხვა, თუ ამნისტია გამოცხადდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ იმ მოქალაქეებს ვისაც უკვე გადახდილი აქვთ ჯარიმები, უნდა დაუბრუნდეთ თუ არა თანხა?! აქაც შერჩევითი სამართლის ნიშნები იკვეთება. ამასთან, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქ არჩევნები არაფერ შუაშია, მაშინ რატომ არ მოხდა ჯარიმების ჩამოწერა უფრო ადრეულ ეტაპზე, თუნდაც გასულ წელს?!
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაბიჯი სახელმწიფოსთვის წარმოშობს გარკვეულ რისკებს, კერძოდ: იმ შემთხვევაში, თუ კიდევ დადგება საჭიროება შეზღუდვების დაწესების და დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეთა დაჯარიმების, საზოგადოება ამ ფაქტს უკვე გულგრილად მიუდგება, რაც გაზრდის დარღვევის ფაქტების რაოდენობას და შემდგომ ეტაპზე დაწერილ ჯარიმებსაც აღარავინ არ გადაიხდის, ვინაიდან ქვეყანაში უკვე იქნება პრეცენდენტი იმისა, რომ მათ ეს ერთხელ უკვე ეპატიათ.
ჩვენ, „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრს“ მიგვაჩნია, რომ რათქმაუნდა კარგია, მოსახლეობის ყოფის შემსუბუქებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თუმცა ჩვენი აზრით, შეცდომა დაშვებულია დასაწყისშივე, რაც იმას გულისხმობს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა არა თუ 2000 ლარიანი ჯარიმები, არამედ საქართველოს საზოგადოების სოციალური ფონის გათვალისწინებით დათვლილი ოდენობის თანხის დაწესება, რაც მეტად ლოგიკურია და მისი ჩამოწერაც არ გახდებოდა საჭირო.