მადლობებს კი არა, ბოდიშს უნდა უხდიდნენ პოლიციელებს

ნათია მეზვრიშვილი – გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, მადლობებს კი არა, ბოდიშს უნდა უხდიდნენ პოლიციელებს
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნათია
მეზვრიშვილის თქმით, ყველა პრეტენზია, რომელიც პოლიციის მიმართ არსებობს ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების მართვასთან დაკავშირებით, მიემართება უპირველესად პოლიციის ხელმძღვანელობას, მინისტრს და მიემართება ხელისუფლებას.
„როგორც წინა დღეებში, ძალადობა ჯერ დაუშვეს, პრევენცია არ მოახდინეს და შემდეგ დაგმეს. ზუსტად იგივე მოხდა, პოლიცია დააყენეს, 48 საათის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებას აყურებინეს უმოძრაოდ, ღირსება, როგორც ჩანს, ამ პოლიციის ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს;
მადლობებს რომ იხდიან, პოლიციას უნდა უხდიდნენ ბოდიშს. მთლიანად, იმ უმართავ პროცესებზე, რაც გუშინ ხდებოდა, პასუხისმგებელია პირველ რიგში არის ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს. ხელისუფლება ასაღებს ამას, როგორც საზოგადოების მხრიდან დაკვეთილ ძალადობას და ფაქტობრივად, საზოგადოებას აყენებს ამით შეურაცხყოფას. ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ის ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო პრაიდის ჩატარება, რომელიც ძალადობას ამართლებს. უნარი არ აქვს ხელისუფლებას, რომ დაპირისპირების განმუხტვა მოახდინოს; ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება გაღვივებულიყო. მას შეეძლო, მარტივი რაღაც გაეკეთებინა – დღეს ხომ კანონი ირღვევა პრაქტიკულად ყველა ასპექტში, შეეძლო ხელისუფლებას, დაერღვია კონსტიტუცია, დაერღვია კანონი, საკუთარ თავზე აეღო ღონისძიების არჩატარება, არ დაეშვა ეს პასუხისმგებლობა. შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამისი პოლიტიკური ფასიც გადაეხადა, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო არც კვალიფიკაცია, არც უნარი, მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე. გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზება როდესაც ადამიანებს არ ეძლევა, ეს გახლავთ კანონის და კონსტიტუციის დარღვევა. თუ ხელისუფლებას უნდოდა, ეს არ დაეშვა, მას შეეძლო, კანონის დარღვევა მის თავზე აეღო და პოლიტიკური ფასიც გადაეხადა. ამის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხალხი დააპირისპირა ერთმანეთს, გამოიწვია სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა დგას გულხელდაკრეფილი და უყურებს, მოქალაქეები ერთმანეთს როგორ ესხმიან თავს. ვერ არის ეს ხელისუფლება ამ დაპირისპირების განმმუხტავი, დანაშაულია მათ შორის უმოქმედობა, როდესაც გულხელდაკრეფილი უყურებ ვალდებულება გაქვს და ამ ვალდებულებას არ ასრულებ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს მისი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში მომხდარ მსგავს დაპირისპირებაზე, როდესაც ადამიანები გაჰყავდათ ავტობუსებით.
„უდიდესი სხვაობაა და სამწუხაროა, თუ ამ სხვაობას ვერ ხედავთ, რა მასშტაბის ძალადობაც მიმდინარეობს ბოლო 48 საათი ქუჩაში, მოქალაქეებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს თავს ესხმიან, იჭრებიან შენობებში. ასეთი რამე გახსენდებათ? გამოხატვის უფლების რეალიზების საშუალება მაშინ ადამიანებს მიეცათ, თუ არა ეს საკამათო და სამსჯელო საკითხია. ვიღაც ფიქრობს, რომ სრულად მოახდინა სამინისტრომ რეალიზება, ვიღაც ფიქრობს, ვერ მოახდინა, მაგრამ ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ, ახლა რაც ხდება, ეს განუკითხაობა, ეს საკითხი 48 საათი არ გაგრძელდებოდა. პოლიციამ თუ არ გამოიყენა სათანადო ძალა, არ იყო ეფექტიანი, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა, უნდა მოვიდნენ და გასცენ პასუხი.
ევროკავშირის დროშის საკითხზეც, ძალიან ცუდი მესიჯია, ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლება ხან ამ ადამიანების სახელით ესხმის თავს დასავლურ ღირებულებებს. დროშის ჩამოხევაც ერთ-ერთი მაგალითია, ხან მოსამართლეების გამოყენებით, რომლებიც გამოდიან და შეგვახსენებენ, რომ დასავლეთის მხრიდან იმ მოთხოვნების შესრულება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა. აი, ასეთი ტიპის განცხადებები, სხვადასხვა პირით წარმოთქმული ქვეყანას შეიძლება, ძვირი დაუჯდეს და როდესაც ვლაპარაკობთ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან მოქმედებაზე, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, ქვეყნის იმიჯი დაზიანდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები