მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი კიდევ გაძვირდება

ბოლო დღეებში საქართველოში საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ, არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავი გააძვირა.

დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარის ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი/ლიტრაზე;პრემიუმის ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი/ლიტრაზე;სუპერის ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი/ლიტრაზე;ევრო დიზელის საწვავი – 2,87-3,07 ლარი/ლიტრაზე;დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ლარი/ლიტრაზე;

როგორც მედიასთან საუბრისას „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, საქართველოში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საწვავი კიდევ გაძვირდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, S&P Global Platts-ის მიხედვით საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზეც იზრდება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება.

“კერძოდ, ბენზინის ფასი 1 ოქტომბრიდან დღემდე ტონაზე დაახლოებით 44.25 დოლარით, ანუ 5.9%-ით გაიზარდა და 791.25 დოლარი შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 1 ოქტომბრიდან ტონაზე დაახლოებით 54.5 დოლარით ანუ 8.2%-ით მოიმატა (1 სექტემბრიდან გაზრდილია 130 დოლარით ანუ 22%-ით) 1 ტონა დიზელის ღირებულებამ 722.50 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელში არსებულ ფასებს, სექტემბერში საწვავზე ფასები არ შეცვლილა. რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მოხდა საწვავის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა საბითუმო ბაზარზე, რამაც განაპირობა ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დაფიქსირდა საწვავის ფასის მატება“, – აცხადებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში, საწვავზე ფასების დინამიკა მზარდია.

„საწვავის ფასის ზრდის ტრენდი სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და საკმაოდ გაიზარდა. წლიურ ჭრილში რომ შევხედოთ, 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელი პლაცზე იყო 400 დოლარი და სამწუხაროდ, დღეს 1 ტონა საწვავის ღირებულება 800 დოლარია. ნავთობის და საცალო პროდუქტების ფასის გამოთვლაში ორი კომპონენტია, ამ ორი კომპონენტიდან ძირითადი დღეს ნავთობის საერთაშორისო ფასია, რომელიც კრიტიკულად გაზრდილია.მსოფლიოში არსებული პროგნოზებით ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 82-82 დოლარიდან 90 დოლარამდე გაიზარდოს“, – განაცხადა ვასილ ხორავამ.

მსგავსი სიახლეები