ჩვენი თავდაცვის ძალები ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ – ჩაჩიბაია

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი და თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში აგრესორს საკადრის პასუხს გასცემენ.

ამის შესახებ ჩაჩიბაიამ დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„აქ[პარლამენტში] ითქვა,  საქართველო აპირებდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ფართო აგრესია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები, მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში საკადრის პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესორს.

ხოლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც ვფიქრობ, რომ წარმატებით ართმევს თავს“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ იკითხა, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აპირებს თუ არა საქართველო თავის დაცვას.

„კითხვას გისვამთ, ეს გაგიჟებული კაცი, პუტინი რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ წამოვიდეს, ვაპირებთ ჩვენი სუვერენული თავდაცვის უფლების გამოყენებას? ამაზე მიპასუხეთ და თუ უფლებების გამოყენება მინდა, ამიტომ ომი მინდა? ამას აუცილებლად უპასუხეთ“, – იკითხა მანჯგალაძემ.

ვლადიმერ ჩაჩიბაია 2008-2009 და 2016-2018 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, ხოლო თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმის შემდეგ, 2018-2020 წლებში, იკავებდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობას. ამჟამად ვლადიმერ ჩაჩიბაია არის საქართველოს პარლამენტის წევრი.


28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპანტს რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ საქართველო თავდაყირა დააყენოს.

„რა გგონიათ თქვენ, პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს, როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან? მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, ის მობილიზაცია, რაც განახორციელეს უკრაინასთან მიმართებით – თვეობით ჯარებისა და კონტიგენტის მოყვანა აქ. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო დააყენონ თავდაყირა“, – ამბობს ზალკალიანი. მას ჟურნალისტებმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჰკითხეს, თუ რატომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველო

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები