„ვიზიარებ შეშფოთებას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების შეფერხებაზე“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წერილს პასუხობს.

19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა 9 დეკემბერს წერილით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის. წერილის ავტორები გამოთქვამდნენ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, მათ შორის, „ოცნების” მიერ ზემოაღნიშნული შეთანხმების დატოვებაზე და სასამართლოში არსებულ ვითარებაზე.

ბორელის საპასუხო წერილში, რომელსაც „ლელო“ ავრცელებს, ვკითხულობთ:

„ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას სასამართლო და საარჩევნო სისტემის შეფერხებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ეს რეფორმები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსებითი ნაწილია. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება ხელშესახები პროგრესის საუკეთესო შანსად საქართველოს დემოკრატიის და მდგრადობის შემდგომ მშენებლობაში და იმ პოლარიზაციის დასრულებაში, რომელიც ამჟამად ადგილი აქვს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორს და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანონ დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის გატარებაში.

როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის 15 დეკემბრის ერთობლივ დეკლარაციაშია ასახული, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე, სხვა ასპექტებთან ერთად, რეფორმების ტემპთან და ხარისხთან ერთად გამოიკვეთება. ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი — მეტისთვის“ და „ნაკლები — ნაკლებისთვის“) იმ პარტნიორებს მოუტანს მეტ სარგებელს, რომლებიც რეფორმებს ატარებენ. ესეც იყო ევროკავშირის მკაფიო გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ“.

მსგავსი სიახლეები