ჯეიმს აპატურაი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა

Europetime-მა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. უსაფრთხოების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება საქართველოს, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება საქართველოს, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მომზადებას NATO-ში საბოლოო წევრობისთვის.

ყველა პარტიამ, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა უერთგულოს და მხარი დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, – განუცხადა აპატურაიმ Europetime-ს.

ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ” დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა.

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე: შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები

ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით

europetime

მსგავსი სიახლეები