მაღალი ფასების გამო საქართველოს მძიმე ზამთარი ელის

ფასების ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ამ თვალსაზრისით, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოს უმძიმესი ზამთარი ელის. სტატისტიკოს გივი მომცელიძის ვარაუდით, საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემას შექმნის და მასთან გამკლავება მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჭირდება.

ტოტალური სიძვირის მიზეზად, ძირითადად, საერთაშორისო ბაზარზე სურსათსა და ნედლეულზე ფასების ზრდა სახელდება. თუმცა ფასები მატულობს ყველაფერზე, ხშირად უსაფუძვლოდაც, რაც გაურკვეველი მოლოდინებით არის გამოწვეული.

,,არის პროგნოზი, რომ ღარიბ-ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემით, შეიძლება რამდენიმე ასეულით გაიზარდოს. ცხადია, ამ მძიმე ფონზე მცირე შეღავათიც არ ექნება პენსიის დაგეგმილ ზრდას, რომელსაც ინფლაცია ,,შეჭამს“.  გლობალურ ბაზრებზეც ნეგატიური ტრენდია, რასაც ჩვენს შემთხვევაში  ემატება კომუნალური გადასახადების ზრდა, რაც ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. 2021 წელს ყველაზე ძვირი ზაფხული გვაქვს და ზამთარიც, შესაბამისად, უმძიმესი გველის. შემოდგომის ბოლოსკენ ვართ და ვგრძნობთ, რომ უფრო გვიჭირს. სწორედ ახლა ხდება საშუალო ფენის შესუსტება და გადასვლა ნაკლებად შეძლებულთა ფენებში, ხოლო ნაკლებად შეძლებულები კიდევ უფრო  გაღარიბდებიან, ფასების ზრდის პარალელურად მძიმდება სოციალური ფონიც, ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, არანაირი შეღავათი არ არის, რადგან რეალური ზრდა არ გვაქვს“, – აცხადებს მომცელიძე ,,კომერსანტთან“.

რაც შეეხება  მთავრობის მხრიდან დახმარებას, ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ ამის საჭიროება რეალურად დგას, მაგრამ რესურსი არასაკმარისია.

,,მოსახლეობისთვის დახმარებები გაიცემოდა პანდემიური სიტუაციის გამძავრებასთან დაკავშირებით.  საეჭვოა, წელს ამის საჭიროება დაინახონ. თუ კოვიდთან დაკავშირებით სიტუაცია არ დამძიმდება და შეზღუდვები არ გამკაცრდება, ცხადია, არც სოციალური დახმარებები გაიცემა. ასეთი მოლოდინი არ გვაქვს. ალბათ, პენსიების ზრდით შემოიფარგლებიან, რაზეც გადაწყვეტილება მიღებულია, ბიუჯეტში ჩანაწერი უკვე გაკეთდა. თუმცა იმ გაზრდილ პენსიასაც ინფლაცია შთანთქავს, რეალურად ზრდასთან არ გვექნება საქმე. პენსიაც, თანხობრივ გამოხატულებაში, აბსოლუტურ მაჩვენებლებში გაიზრდება, მაგრამ სინამდვილეში მატება არ იქნება“, – ამბობს აროშიძე.

მისივე შეფასებით, მართალია, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ ეს პროცესი არ არის ისეთი ყოვლისმომცველი, რომ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახოს.

,,თიბისი კაპიტალმა“ განახლებული ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ 2019 წელთან შედარებით, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მთლიანი უნაღდო დანახარჯები გაორმაგდა.

დოკუმენტის თანახმად, 19-25 ოქტომბრის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა 115%-ს შეადგენს 2019 წელთან შედარებით (+31% წ/წ).

ხოლო, უნაღდო ხარჯვის ზრდა კატეგორიებზე სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით, 2019 წელთან შედარებით, 77%-ს უტოლდება (+50% წ/წ).

ცნობისთის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში 6,9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

მარი ჩიტაია

commersant.ge

მსგავსი სიახლეები