რატომ სჯერათ ბრიუსელში მოლდოვის საქართველოზე მეტად

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის და ევროკავშირის მხრიდან დიფერენცირებული მიდგომა უსამართლობა იქნება. ასეა თუ არა ეს და რა განაპირობებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ განსხვავებულ განწყობებს, რაც გამოიხატა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებში თუ მაღალი რანგის ევროპელი ლიდერების განცხადებებში?

რა ხდება?

ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუციები, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს პირდაპირ მოუწოდა, მიანიჭონ მათ კანდიდატის სტატუსი, „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების საფუძველზე“. საქართველოს შემთხვევაში ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, რომელშიც გაკრიტიკებულია დემოკრატიული უკუსვლა, განსაკუთრებით, მედიის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. რეზოლუციით ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს“.

13 ივნისს გაიმართა ევროკომისრების „საორიენტაციო დებატები“, რომლის საფუძველზე Politico წერს, რომ მოსალოდნელია, უკრაინას ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს. ასევე, სულ უფრო სავარაუდოა, რომ მოლდოვას შეიძლება მიეცეს მწვანე შუქი (პირობებით), მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული. უკრაინა ომშია და მისთვის უპირატესობის მინიჭება ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული, თუმცა კითხვა შეიძლება დაისვას ასე- რა განასხვავებს საქართველოს და მოლდოვას?

მოლდოვის გზა

მოლდოვაში, რომელსაც გავლენიანი ბიზნესმენის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის პარტიის მმართველობისას კორუფციის მაღალი დონის გამო აკრიტიკებდნენ, 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა და შეცვალა პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდნენ. ამის შემდეგ იწყება შემოტრიალება ევროკავშირისა და მოლდოვის ურთიერთობებში.

უკრაინაში ომის ფონზე მოლდოვის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა. კიშინიოვის პროაქტიული დიპლომატიის გარდა, ეს, ერთი მხრივ, განპირობებული იყო შეშფოთებით, ომი არ გავრცელდეს მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც ბოლო პერიოდში სიტუაცია დაიძაბა. მეორე მხრივ, მოლდოვის უპირობო მხარდაჭერით უკრაინის მიმართ და მისი როლით უკრაინელი ლტოლვილების მიღებაში. 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინიდან მოლდოვაში ნახევარ მილიონამდე ლტოლვილი შევიდა, რაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი შემოდინებაა მეზობელ ქვეყანაში. აქედან დაახლოებით 90 000 ლტოლვილი დარჩა მოლდოვაში, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.

საპასუხოდ, რუმინეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ორგანიზება გაუკეთეს მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმას და შოკების მართვისთვის კიშინიოვს დაახლოებით 700 მილიონი ევროს დახმარება შესთავაზეს. მიღებული თანხა გრანტების, სესხების ან მაკროფინანსური დახმარების სახით იქნება მიმართული კრიტიკულ სექტორებზე.
ევროკავშირმა, ასევე, დააანონსა, რომ „საკმაოდ გაზრდის“ მხარდაჭერას მოლდოვის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. გრძელვადიანი მხარდაჭერა აღუთქვა მოლდოვას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ საფრანგეთმაც — ბოლო ერთ თვეში მაია სანდუმ და ემანუელ მაკრონმა ქვეყნებს შორის გაცვლითი ვიზიტები გამართეს.

მოლდოვა მიწვეული იყო G7-ის შეხვედრაზე. G7-ის მასპინძელმა გერმანიამ ეს მიწვევა იმით ახსნა, რომ „ომის დაწყებიდან მოლდოვა ძალიან ბევრს მუშაობდა, განსაკუთრებით, უკრაინიდან ლტოლვილების ზრუნვაზე და დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის ძალიან ღირებულია მისი შეფასებები რეგიონში არსებული ვითარების შესახებ“.
ევროპის დედაქალაქებში, მოლდოვის მიმართ მხარდაჭერის და საქართველოს მიმართ სკეპტიციზმის ზრდის ფონზე, ასევე, იმის გამო, რომ უკრაინა ომის მდგომარეობაშია, ნათელი არ არის, ევროკავშირი ერთიან პაკეტში განიხილავს ასოცირებული ტრიოს თუ მათ მიმართ დიფერენცირებულ მიდგომებს შეიმუშავებს.

„უსამართლობა იქნება“…

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა მოლდოვის დსთ-ის წევრობაზე მიუთითა, როცა ჰკითხეს ალბათობაზე, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ, საქართველოს კი — არა.

„თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება“, — თქვა მან და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს.

„თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდ მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით — ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა“, — განაცხადა სუბარმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს უკრაინაზე და მოლდოვაზე მეტად ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, თქვა, თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას.

რა ხდება კრიტერიუმების მხრივ?

ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, რამდენად აქვს წევრობაზე განმცხადებელ სახელმწიფოს უნარი, დააკმაყოფილოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელიც მოიცავს მოქმედ საბაზრო ეკონომიკას, სტაბილურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის ყველა კანონმდებლობის მიღების მზაობას. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირთან ინტეგრაცია ამ ეტაპზე ასოცირების შეთანხმებების იმპლემენტაციას ეფუძნება.

„ოცნების“ ხელისუფლების არგუმენტია, რომ ევროკავშირის წევრობის ყველაზე ახლო ასპირანტ ქვეყნებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო მოწინავეა ასოცირების შეთანხმების სამივე კომპონენტში: პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და სექტორული/ეკონომიკური თანამშრომლობა.

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (CEPS) 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების საერთო საშუალო რეიტინგით საქართველო უსწრებს არათუ უკრაინას და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის სამ ქვეყანასაც: კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთს.

თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (CEPS) მკვლევრების — მაიკლ ემერსონის და სტივენ ბლოქსმანის — მოსაზრებაა, რომ ივნისში ევროკავშირმა უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა „საქართველო პარადოქსია“ და მისთვის გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყების შეთავაზება „ნაადრევი იქნებოდა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ, ერთი მხრივ, შთამბეჭდავად განახორციელა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ეკონომიკური ნაწილები, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ. პრობლემების შუაგულში, CEPS-ის შეფასებით, დგას ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“. ეს არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება შეაფასოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობა და მათი პროგრესი მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ. ბოლოს, მიმდინარე წლის 30 მარტს გამოქვეყნებული ინდექსის თანახმად, რომელიც 2020-21 წლებს აფასებს, სამივე ქვეყანამ უკვე დაამტკიცა ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვანი ნორმატიული და სამართლებრივი აქტები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მიდიან კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების გზაზე. თუმცა, შედეგების მიხედვით, პროგრესი ყოველთვის არ იყო წრფივი, ინერცია და უკან დახევა კი ასევე აშკარა იყო: „სამივე ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და საქართველომ და უკრაინამ დაკარგეს ქულების მნიშვნელოვანი რაოდენობა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით”.

ქულებში მცირე განსხვავებაა, თუმცა 2021 წლის ინდექსით უკრაინა და მოლდოვა თანაბარი ლიდერები არიან, საქართველო კი მესამე პოზიციაზეა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი, 2020-21 წწ.

ასოცირებული ტრიოს ტრაექტორია

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „ნეტგაზეთთან“ ხსნის ძირითად ფაქტორებს, რის გამოც ბრიუსელში მეტი მხარდაჭერაა უკრაინისა და მოლდოვისადმი იმ ფონზე, როდესაც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კრიტერიუმებით სამივე ქვეყანას მეტ-ნაკლებად თანაბარი შედეგები აქვს.

„კრიტერიუმებს გააჩნია ევროკავშირისთვის. პოლიტიკური კრიტერიუმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მათთვის გასაგებია, რომ ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას და სხვა, ტექნიკური საკითხებია და შეიძლება მარტივად გადაწყდეს. პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში და დემოკრატიის ხარისხი არის უფრო ფუნდამენტური და ბევრად რთულად შესაცვლელი მდგომარეობა. ამიტომ მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, არსებობს თუ არა კითხვები საქართველოს დემოკრატიის წინსვლასთან დაკავშირებით. შეიძლება, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არ იყოს ძალიან დაბალი — ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანა ვართ — მაგრამ მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ევროპელი პარტნიორების აზრით, ბოლო ორ წელიწადში საკვანძო მიმართულებებზე მოხდა დემოკრატიული რეგრესი და არა — პროგრესი. უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში პირიქით — თვლიან, რომ პროგრესი აქვთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ უფრო წინ ვართ და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში აქ საუბარია, რა ტენდენციებია სამივე ქვეყანაში. ამ ეტაპზე ისინი თვლიან, რომ უკრაინაში და მოლდოვაში უფრო ადვილია მთავრობებთან კომუნიკაცია, უფრო მეტი ურთიერთგაგება აქვთ იმავე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობასთან ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან გართულდა კომუნიკაცია“, — აცხადებს გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ საქართველო სამ ქვეყანას შორის მოწინავეა ასოცირების შეთანხმების შესრულების, განსაკუთრებით DCFTA-ის მიმართულებით , მაგრამ ქვეყნის მიმართ ბრიუსელში განწყობების გაუარესება გამოწვეულია 3 ძირითადი მიზეზით:

  • საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი დამოკიდებულება ევროინსტიტუტების წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით, ევროპარლამენტარების მიმართ;
  • ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული რეგრესი რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ნაწილში;
  • არასაკმარისი ლობიზმი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული დოკუმენტის ანულირების გამო; 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე, როდესაც მთავრობამ წაახალისა ლგბტ პირების გამოხატვის უფლების შეზღუდვა და ამ დრომდე არ გამოუვლენია ჟურნალისტებზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორები; 75 მილიონ-ევროიანი ევროკავშირის სესხზე უარის თქმისთვის, რისი პირობაც სასამართლო რეფორმა იყო, გასული წლის სექტემბერში გავრცელებული, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილების გამო, რომელიც დიპლომატების უკანონო მიყურადებას მოიცავდა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისთვის; მთავარი არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას სადავო განაჩენით დაკავების გამო და სხვა.

„ის განცხადებები, რაც კეთდება თბილისიდან, არის ჩვენი განაცხადის პირდაპირი საბოტაჟი. ერთი მხრივ, განაცხადი მოვითხოვეთ და, მეორე მხრივ, ვამბობთ იმას, რომ ყველაფერი შევასრულეთ და სტატუსს ვიმსახურებთ. არავითარი მზაობა არ ჩანს, რომ საქართველო რეფორმების გატარების ერთგული რჩება. საქართველოს მიერ რეფორმების გატარების მზაობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ევროკავშირი ჩვენს განცხადებას აღარ იღებს სერიოზულად. ჩვენ ბევრი რეფორმა გავატარეთ და ჩვენი დონე მაღალია, მაგრამ ორ საკითხში, რაც არის ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, აქვე მოიაზრება მედიის თავისუფლება, გვაქვს რეგრესი — რეფორმების უკუსვლა, ანუ დემოკრატიული ტრაექტორიის მიმართულება არის უკუსვლა. ეს არის თვალთახედვაში მიღებული მაშინ, როცა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში დღევანდელი დონე შეიძლება დაბალია, მაგრამ ადგილი აქვს წინსვლას და ძალიან დიდი პროგრესს, განსაკუთრებით, მოლდოვის შემთხვევაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ანუ მათთან პროგრესია, ჩვენთან — რეგრესი. რაც შეეხება ლობიზმს, რეზოლუციის მიღებაზე უკრაინას ლობიზმი დიდად არ სჭირდებოდა, იმიტომ, რომ ქვეყანაში ომია, მაგრამ მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია ძალიან დიდი ლობიზმის შედეგად შედგა“, — ამბობს თინა ახვლედიანი.

მისი თქმით, მოლდოვის ხელშემწყობი არის რუმინეთის ფაქტორი, რომელიც ევროკავშირის წევრია, თუმცა ამ შემთხვევაში აქტიურობა მთლიანად მოლდოვიდან მოდიოდა — რეზოლუციის ადვოკატირებაში ჩართული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ. ბრიუსელში აქტიურობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.

თინათინ ახვლედიანი, CEPS

„ევროკომისიის და ევროპარლამენტის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრებზე ამბობენ, რომ შოკირებული არიან მოლდოვის მიერ გაწეული ლობიზმით. ჩვენ კი ძალიან ვართ დაკავებული შიდა პრობლემების განხილვით თბილისში, ქვეყანა პოლიტიკური პოლარიზაციის მსხვერპლია. არ ვამბობ, რომ არ არიან აქტიურები თბილისში, მაგრამ თუნდაც სამოქალაქო საზოგადოება შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო აქტიური ბრიუსელში. მაგრამ მთავარი ლობიზმი სწორად უნდა დაგეგმილიყო მთავრობის მხრიდან, რაც, ფაქტია, არ მოხდა. სხვა შემთხვევაში, დღეს არ გვექნებოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები ევროპარლამენტის მიმართ და გვექნებოდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია“, — მიიჩნევს თინათინ ახვლედიანი.

თინათინ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ კიდევ არის დარჩენილი დრო, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში დაეხმარება და პირველ რიგში ასეთია განცხადების გაკეთება რეფორმების გატარებაზე.

„ბრიუსელი ელოდებოდა, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს რეფორმების საჭიროებას. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამიტომ იქნა მიღებული, რომ მიეცათ ნათელი სიგნალი: „თქვენ ხართ არასწორ გზაზე, თუ შეიძლება კურსი შეიცვალეთ“. თბილისის მიერ არც ადეკვატურად, არც პრაგმატულად, არც დიპლომატიურად და არც პოლიტიკურად არ მოხდა ევროპარლამენტის გზავნილის აღქმა და მიღება და პირიქით, წამოვიდა კრიტიკა ევროპარლამენტარების მიმართ“, — ამბობს ახვლედიანი.

ევროსკეპტიციზმის საფრთხე

ანალიტიკოსები იზიარებენ მოსაზრებას, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი — ვერა, ეს გაზრდის ევროსკეპტიციზმის საფრთხეს საქართველოში. თინა ახვლედიანის აზრით, ევროკავშირის მხრიდან ტრიოს გაყოფა და რომელიმე ქვეყნის სტატუსის გარეშე დატოვება გეოპოლიტიკურად არასწორი იქნება.

„ევროკავშირში გაწევრიანება იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის სურვილი. საზოგადოებრივ აზრის კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდი იყო ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინაში. ეს მომენტი, ალბათ, დაიკარგება. აზრები გაყოფილია, გადმოგვცემს თუ არა ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს. თუ ეს არ მოხდა, ალბათ, ხელის ჩაქნევა იქნება ის, რასაც გააკეთებს ჩვენი მოსახლეობა. იმედია, რომ ეს არ მოხდება“, — ამბობს ახვლედიანი.

ის ფიქრობს, რომ ევროკომისიის მოსაზრება არ იქნება აბსოლუტურად ნეგატიური, ვინაიდან საქართველოს აქვს პროგრესი ასოცირების ხელშეკრულებაზე, დარჩენილი დრო კი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს იმით, რომ „მეტი არაფერი დააშავოს“.

„და იქნებ მოვახერხოთ და გვაკეთოთ განცხადება , რომ რეფორმების ერთგულები ვრჩებით. თუ ეს მოხდა, შეიძლება, ტრიო უფრო სერიოზულად იქნას განხილული ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში“, — დასძენს იგი.

კახა გოგოლაშვილი ტრაგედიად არ მიიჩნევს ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) მიმართ გაყოფას ევროინტეგრაციის პროცესში, აცხადებს რა, რომ ეს არის პირობითი ტერმინი და არა რამე ფორმალური სტრუქტურა.

„უამრავი სხვა შემთხვევა იყო ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში, როდესაც ქვეყნები ერთ რეგიონულ კალათაში განიხილებოდნენ, მაგრამ კანდიდატის სტატუსები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს“, — აცხადებს გოგოლაშვილი, თუმცა, ასევე, დასძენს, რომ თუ ევროკავშირი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, საქართველოს კი — არა, ეს ქვეყანაში გაზრდის ევროსკეპტიციზმს. მისი თქმით, საჭირო იქნება სერიოზული ბრძოლა ევროსკეპტიკური განწყობების წინააღმდეგ.

უკრაინამ — 28 თებერვალს, საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, დიდი ალბათობით 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

EU-ის გადაწყვეტილება მეტწილად გეოპოლიტიკური მდგომარეობით იქნება განპირობებული, ვიდრე ტექნიკურად კრიტერიუმების შეფასებით. ამ უკანასკნელის მიხედვით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლობით გრძელდება. მაგალითად, საქართველო, რომელსაც დაანონსებული ჰქონდა განაცხადის გაკეთება 2024 წელს, კანდიდატის სტატუსის მიღებას 2030 წლამდე ელოდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის თავდასხმის ფონზე, პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები