„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ აქტიურად აკვირდებოდა 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს. მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან არჩევნებს მონიტორინგი გაუწია 80-მა დამოკვირვებელმა, თბილისსა და რეგიონებში.
არჩევნების წინაპერიოდში, ასევე არჩევნების დღეს განვითარებული მოვლენების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, ისევე როგორც პირველი ტური, არ ჩატარებულა მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად და თანაბარი პირობებში.
საყურადღებოა, რომ საზოგადოების გარკვეულ ფენებში, კვლავინდებურად შეზღუდული იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნება, რაც განპირობებული გახლდათ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან, მათ დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში დასაქმებული პირების მიმართ არამართლზომიერი მოპყრობით და მითითებებით თუ ვისზე უნდა შეეჩერებინათ არჩევანი და როგორ უნდა ემოქმედათ, რაც თავის მხრივ ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
საყურადღებოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინაპერიოდში, ისევე როგორც არჩევნების დღეს დაფიქსირდა არაერთი სახის დარღვევა, კერძოდ:
• მედიის წარმომადგენლების ხელისშეშლა და შეურაცხყოფა
• საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა
• დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა
• ერთი და იგივე პირები ორი სხვადასხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით
• ერთი და იმავე პირის მიერ რამოდენიმე უბანზე ხმის მიცემა
• მარკირებული ამომრჩევლების დაშვება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით
• იმ ბიულეტენების გაბათილების მცდელობა, სადაც ამომრჩევლის ნება თვალსაჩინოდ გამოხატულია
• საარჩევნო უბნებთან დასაშვებ დისტანციაზე უფრო ახლოს პარტიული აგიტატორების ყოფნა
• საარჩევნო უბნების სიახლოვეს გარკვეული ჯგუფების მობილიზება, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზეგავლენას და აზრის შეცვლას
• კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
• ნეიტრალური თუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და სხვა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც დანიშნული არიან ოლქიდან და წესით და რიგით უნდა იყვნენ ნეიტრალური, უმეტესწილად იყვნენ მიკერძოებული მმართველ პარტიაზე, რაც საარჩევნო უბნებზე მათი მხრიდან გამოხატული ქცევითა და ქმედებებით ცხადყოფდა ხსენებულ ფაქტს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, თუ როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რატომ იყვნენ საარჩევნო უბნების სიახლოვეს მობილიზებულები სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებზე.