თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.
გადაწყვეტილებაში, რომლის შინაარსიც თეთრიწყაროს სასამართლომ გააზიარა, ნათქვამია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ Facebook-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. – შექმნა თუ არა მან ეს გვერდი, ვინ ფლობს ან სად დაწერა კომენტარი;
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას… უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ვინაიდან არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომელიც დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით. საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია) იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში „M. S.“-ს სახელწოდების პროფილი ეკუთვნის მ. ს-ს. არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ მან შექმნა თუ არა პროფილი (გვერდი). ასევე არ არსებობს რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია, იმის შესახებ თუ ვინ ფლობს და სარგებლობს პროფილით, უშუალოდ ვინ და სად დაწერა კონკრეტული კომენტარი. არ არის წარმოდგენილი რაიმე მონაცემი ან ინფორმაცია შესაბამისი ინტერნეტ პროვაიდერიდან ან სოციალური ქსელიდან. არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა რომელიმე ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულზე რაიმე მტკიცებულების ან ინფორმაციის წარმოდგენა არც სასამართლო სხდომაზე მომხდარა.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა და საქმის წარმოება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კანონიერ დაცვას. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ინფორმაცია ან არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ში შეუძლებელია პროფილის შექმნა სხვა პირის სახელით, გვარით და ფოტოსურეთ(ებ)ით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა შექმნას ნებისმიერი პირის სახელზე პროფილი და ატვირთოს სურათები, შეუძლებელია სასამართლომ მხოლოდ ამ სურათის „ამოცნობით“ დაადგინოს სამართალდარღვევის ფაქტი. არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. კანონის ძალით მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები.
თუ დავუშვებთ თუნდაც გონივრული ეჭვით, რომ პროფილი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ამ შემთხვევაშიც უნდა დადასტურდეს, რომ უშუალოდ მან შეასრულა მოქმედება (კომენტარის დაწერა ან სხვა). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებით და კანონმდებლობით ამ შემთხვევაშიც (სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერა) უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ვინაობა, რათა პირს უტყუარად დაუდასტურდეს ქმედების მის მიერ ჩადენა, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის პროფილი, ვინ სარგებლობს პროფილით და ა.შ.
პირს გააჩნია კონსტიტუციური უფლება საერთოდ არ უპასუხოს ბრალდებას, არ წარადგინოს პოზიცია, არ გამოცხადდეს სასამართლოში. სასამართლოში საქმის წარმოებისას წარმოდგენილი უნდა იქნეს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რათა სასამართლომ უტყუარად დაადგინოს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და არც სხვა მტკიცებულება (ინფორმაცია), რომელიც დაადასტურებდა მ.ს.-ს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ძირითად მტკიცებულებად წარმოდგენილი სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირების თაობაზე ოქმის სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველი და ბუნდოვანია. სასამართლო არ განავრცობს მსჯელობას ოქმში მითითებულ ამოცნობასთან დაკავშირებით, რომლის გარემოებები (მეთოდი, საფუძველი და სხვა) საერთოდ ვერ ირკვევა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, მ.ს.-ს მიმართ“,“- ნათქვამია მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო ავრცელებს.







