ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, წერილით მიმართავენ როგორც თავად მიშელს, ისე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.
“2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ… გიზიარებთ ჩვენს შეშფოთებას ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით”, — ვკითხულობთ წერილში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ბოლოდროინდელ პროცესებზე, მათ შორის, “ოცნების” მიერ ხსენებული შეთანხმების დატოვებაზე და სასამართლოში არსებულ ვითარებაზე.
ტექსტში ვკითხულობთ:
-
29 ივლისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება ტოვებს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას.
ეს შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის კრისტიან დანიელსონის ხანგრძლივი მოლაპარაკებებითა და ძალისხმევით იქნა მიღწეული. მიზეზად მმართველმა გუნდმა ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი დაასახელა.
‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ პოზიციის შემდგომი ცვლილება და 2021 წლის 1 სექტემბერს შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. მათ მაინც მიაჩნიათ დოკუმენტი ანულირებულად.
-
ხელშეკრულების დატოვებამდე „ქართული ოცნება“ ძირს უთხრიდა ამ შეთანხმების არსს და მიზანს თავისი ქმედებებით. სასამართლოში დანიშვნების გაგრძელება, სასამართლო სისტემის რეფორმების შეფერხება, საარჩევნო რეფორმების არასრული განხორციელება და ამნისტიის კანონის შესახებ შეთანხმებული ვერსიის მიღებაზე უარი, ამის რამდენიმე მაგალითია.
-
ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ კვლავ გრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა.
-
სასამართლო რეფორმის პროგრესის ნაკლებობის გამო, საქართველომ დაკარგა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი 2021 წლისთვის.
ევროკავშირის განზრახვის საპირისპიროდ, ქართული ოცნების მთავრობამ, რათა თავიდან აეცილებინათ მორიგი საჯარო საყვედური განუხორციელებელი რეფორმების გამო, განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო, უარი ეთქვა დახმარების პაკეტზე.
-
სულ უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და ევროპელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ხშირად ახსენებენ, რომ საქართველო არის „სუვერენული სახელმწიფო“ – რუსული დოქტრინის „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსად.
-
მიმდინარე წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა ციხეში შესვლაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის კოლეგას ლიეტუვის სეიმიდან, ბ–ნ რაიმონდას ლოპოტას. მათი მიზანი იყო გლდანის ციხეში შიმშილობის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შეფასება.
ქალბატონი ფოტიგა, წლების განმავლობაში, არაერთხელ ეწვია ქართულ ციხეებს სხვადასხვა პოლიტიკოსების მოსანახულებლად, რომლებიც იხდიან ან იხდიდნენ სასჯელს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზიტზე უარი ეთქვა.
ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მას შემდეგ, რაც საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მოთავსება არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მის საქმეს “პოლიტიკური ანგარიშსწორება” უწოდა.
-
საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო პუნქტია, გაჩერებულია. პოლიტიკური კონსენსუსის უპრეცედენტო მაგალითია, როდესაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ სექტემბერში მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტში.
ახლა ქართულმა ოცნებამ განაახლა დისკუსიები შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე უკვე მიღებულ პროექტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის გადასინჯვა კიდევ ერთი უკუსვლა იქნება საქართველოსთვის და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.
წერილის ავტორების თქმით, მტკიცედ სჯერათ, რომ “ოცნების” მთავრობის ეს გადაწყვეტილებები “მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს”.
“ისინი ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს ჩვენი წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, განამტკიცოს მისი ევროპული მომავალი”, — ვკითხულობთ წერილში.
ოპოზიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას, შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები.
” ‘პირობითობის’ მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი მხარს უჭერს”, — აღნიშნავენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წერილის დასასრულს.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
რას გულისხმობდა 19 აპრილის შეთანხმება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა.
ის ითვალისწინებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ.
გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებდა.
თავდაპირველად, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, დოკუმენტს ხელს არ აწერდა, აღნიშნავდა რა, რომ შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი მისთვის მიუღებელი იყო.
საბოლოოდ, ენმ-მ ხსენებულ დოკუმენტს ხელი სექტემბერში მოაწერა. ამ დროს “ოცნება” უკვე გასული იყო შეთანხმებიდან, რის მიზეზადაც მმართველ პარტიაში ასახელებდნენ ენმ-ის უარს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან “შეთანხმების მუდმივ დარღვევას”.
netgazeti.ge