ჩემი რეკომენდაციაა რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის კი იყოს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარადგინა თავისი პირადი რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის კი იყოს.

“აცრა სასწრაფოდ, აცრა ყველასი და ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ეს განვაცხადე დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე და როცა გადაწყდება, მოგახსენებთ“, – თქვა მან.

ამავე ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ სხდომაზე წარდგენილი იყო რეკომენდაციები არა მხოლოდ შეზღუდვებთან, არამედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მედიასთან ამ რეკომენდაციებზე ამირან გამყრელიძეს კონკრეტულად არ უსაუბრია, თუმცა დაადასტურა, რომ რეკომენდაციებს შორისაა დაგეგმილი ფესტივალების გაუქმება.

ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს კოვიდპანდემიის გავრცელების წინააღმდეგ აუცილებელი შეზღუდვების რამდენიმე სცენარის მომზადება და სამშაბათის სხდომაზე წარდგენა დაავალა.

„სამშაბათს განიხილავს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მე წინასწარ ვერ დავაანონსებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო ახლა კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკშია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 3670 შემთხვევა, 2626-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 15 მარტიდან გაკეთებულია 564 691 აცრასრულად, ორივე დოზით აცრილია 178 077.

მსგავსი სიახლეები