არც მომლოცველები, არც ვიზიტორები – გელათი დაკეტილია

მე-12 საუკუნის უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, მეორე იერუსალიმად წოდებული გელათი დაკეტილია როგორც მორწმუნეებისთვის, ასევე სხვა ვიზიტორებისთვის – მიზეზი იუნესკოს უცხოელ სპეციალისტთა ჯგუფია, რომელიც გელათის ტერიტორიაზე მუშაობას იწყებს, რათა ფრესკების დაზიანების ხარისხი შეისწავლოს და დასახოს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის გზები.

გელათის დაკეტვამ უკმაყოფილება გამოიწვია იმ მოქალაქეებში, რომლებმაც წინასწარ არაფერი იცოდნენ მონასტრის დაკეტვის შესახებ და მოსალოცად სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ:

“ტყიბულიდან ჩამოვედით, ბავშვები გვყავს ჩამოყვანილი, გვინდოდა, გელათი მოგველოცა და ტაძარს ვინ დაეძებს, ეზოშიც კი არ გვიშვებენ”, – ამბობს ტყიბულელი კაცი.

“როგორ შეიძლება ტაძრის კარის და ეზოს კარის დაკეტვა, შვილო, ექსპერტებმა შიგნით იმუშაონ, თუ რტამეა, ტაძრის ეზოში და ტაძარში კი უნდა შეგვიშვან”, – ამბობს ხანშიშესული ქალი, რომელიც ტაძარში არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია წლების წინ დაიწყო, თუმცა, სამუშაოები იმდენად უხარისხოდ ჩატარდა, რომ სახურავიდან წყალმა გაჟონა და უნიკალური ფრესკები დააზიანა.

წყარო: ოდიშინიუსი

მსგავსი სიახლეები