ქობულეთში, „ალტ-ინფოს“ ოფისთან, აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის არიან აქციის მონაწილეები და „ალტ-ინფოს“ წევრები.
ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მოქალაქეები ოფისის გახსნის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას მართავდნენ: „ამ აქციას არ ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მეც, როგორც მოქალაქე ვესწრებოდი ამ აქციას, უკან მივყვებოდი მათ და არ ვაქტიურობდი“.
ლაშა კომახიძის ინფორმაციით, აქციის დაწყებიდან მალევე „ალტ-ინფოს“ ოფისიდან გამოსული პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებს. რამდენიმე მათგანი დაშავდა: „ ერთ-ერთს თავით შეანგრევინეს მეზობელი სახლის ფანჯარა.“
ლაშა კომახიძის თქმით, პოლიციამ აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დასაცავად არ იაქტიურა, შემდეგ კი დააკავეს ისინიც, ვინც თავს იცავდა: „აქცია უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი, აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ქალები და ბავშვები“.
ამ წუთებში „ალტ-ინფოს“ ოფისს პოლიცია კორდონით იცავს:
„ფანჯრიდან აქტიურობენ ოფისში მყოფი პირები, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ აქციის მონაწილეებს“.