ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პატრიარქს შეხვდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 6 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ესტუმრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და დელეგაციის წევრები.

“გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. პატრიარქმა კომისარს მადლობა გადაუხადა ამ მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ბატონმა ვარჰეიმ პატრიარქს აღუთქვა, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედითი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა და უწმინდესთან სტუმრობამდე მან რამდენიმე ტაძარი მოინახულა, მათ შორის, დაათვალიერა მცხეთს ჯვრის მონასტერი”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები