39413336 - strasbourg, france - circa october, 2014: european court of human rights building

სტრასბურგი საქართველოს შეახსენებს მერაბიშვილის პატიმრობისას აღმოჩენილი დარღვევებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 14-16 სექტემბერს სტრასბურგში გამართა შეხვედრა, რომელზეც განიხილა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი. საქართველოსთან დაკავშირებით განიხილეს ორი საქმე – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” და „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეხებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობისთვის არასაკმარისი მიზეზების არსებობასა და წინასწარი პატიმრობის არალეგიტიმური მიზნებისთვის – დაკავებულზე ზეწოლის მოსახდენად – გამოყენებას მთავარი პროკურორის მიერ.

მინისტრებმა კვლავ სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ამ დარღვევების გამოძიების არასაკმარისი სისწრაფის და სიზუსტის გამო; აღნიშნეს, რომ გამოძიება უკვე სამი წელია ჭიანურდება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, საქმე პრიორიტეტული გახადოს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს გამოძიების დამოუკიდებლობა.

ამასთან, ამ საქმეში დადგენილი დარღვევების ზოგად მიზეზებთან მიმართებით, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გააღრმაოს 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ნაბიჯები და გააგრძელოს საკანონმდებლო რეფორმები, უწინარესად პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით.

მინისტრები ამ საკითხზე შემდეგ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იმ დროისთვის წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, ნაბიჯები და მათი აღსრულების დროში გაწერილი გეგმა.

„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

საქმე ეხებოდა გაფლანგვისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი დაკავების პერიოდში, 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში, განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებისას ჩადენილ დარღვევებს.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სასამართლომ სარჩელის ავტორის წინასწარ დაკავებაში მოსათავსებლად თავიდან წარმოადგინა რელევანტური და საკმარისი მიზეზები, თუმცა მისი შემდგომი დაკავებისთვის საკმარისი მიზეზები არ მოუტანია. ამასთან, სასამართლოს განჩინებით, სარჩელის ავტორის წინასწარი დაკავების მთავარი მიზანი დროში შეიცვალა – მაშინ, როცა თავიდან ის ემსახურებოდა გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული დარღვევების გამოძიების ლეგიტიმურ მიზანს, მოგვიანებით მთავარი მიზანი გახდა ინფორმაციის მოპოვება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებსა და 2005 წელს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ჟვანიას სიკვდილზე. მინისტრები აღნიშნავენ, რომ ამას ადასტურებს 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი, როცა სარჩელის ავტორი ღამით, ჩუმად გაიყვანეს ციხიდან და მთავარ პროკურორთან წაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები