უარი საწვავის ფასებს“ — 27 მარტს თბილისში აქცია იგეგმება

კვირას, 27 მარტს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ აქცია იგეგმება.

აქცია დაიგეგმა ფეისბუკის ჯგუფში, რომლის სახელწოდებაა „უარი საწვავის ფასებს“.

ერთ-ერთი ორგანიზატორი, ავთანდილ ლოლაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ აქციას ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს:

  • გაუქმდეს აქციზის გადასახადი, რაც ამჟამად ერთ ლიტრზე 38 თეთრს შეადგენს;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არსებული 18%-დან შემცირდეს 10%-მდე;

„ერთადერთი მარეგულირებელი მთავრობაა ამ შემთხვევაში, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნების ადრესატიც ის არის. ამ ცვლილებებს შეუძლია 90 თეთრით და მეტით გააიაფოს საწვავი“, – ამბობს ლოლაშვილი.

„ამ მექანიზმებს ვითხოვთ დროებით, სანამ დასტაბილურდება საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე. ცოტა ხანი რომ ხელი შეგვიწყოს მთავრობამ, მაგას ვითხოვთ“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“.

საწვავის ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა

23 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოში არსებულ ხუთ ყველაზე მსხვილ კომპანიაში ფასები ასე მერყეობს:

  • სუპერი – 3.89 ლარიდან 4.12 ლარამდე;
  • პრემიუმი – 3.85 ლარიდან 3.96 ლარამდე;
  • რეგულარი – 3.73 ლარიდან 3.80 ლარამდე;
  • დიზელი – 3.97 ლარიდან 4.13 ლარამდე.

უფრო ზუსტად, ფასების განაწილება შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში

ფასის ზრდის მიზეზი

სულ რაღაც ერთი თვის წინ სუპერი, საშუალოდ, 3.30 ღირდა, პრემიუმი 3.23, რეგულარი 3.14, დიზელი კი 3.17 ლარი.

საწვავის ფასი დრამატულად არის გაზრდილი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ.

კერძოდ, ზუსტად ერთი თვის შუალედში, ფასები 20%-ზე მეტით არის გაზრდილი.

საქართველოში საწვავის ფასების ზრდის მიზეზია ერთი მხრივ, ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასის ზრდა და, მეორე მხრივ, ომის გამო საზღვაო გადაზიდვების გაძვირება.

23 მარტის მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 117.25 აშშ დოლარს აღწევს.

ფასების ზრდა სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები