როცა ხარ ხელისუფლება, წესრიგის დაცვა პირველი მოვალეობაა — ზურაბიშვილი 5 ივლისზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობის პირველი მოვალეობა ასეთ ვითარებაში წესრიგის დამყარებაა. მანვე მწუხარება გამოთქვა ამ მოვლენებში სასულიერო პირთა ნაწილის მონაწილეობის გამო.

“არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მე მგონი, შეიძლებოდა ამის აღკვეთა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, 2 პარაკლისიო, მაგრამ რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული.

ამიტომ, როცა ხარ ხელისუფლება და შესაძლებელი არის, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა აუცილებელია. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.

კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. მე რაც მესმოდა და მესმის მისგან, ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი და საზრუნავი. დღეს რომ ეს ხდება ეკლესიაში, ალბათ მისთვის დიდი ტკივილი და ძალიან სამწუხაროა”, — დასძინა მან.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან.

მსგავსი სიახლეები