თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას” და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან. იმედის ეთერში, გადაცემა “იმედი LIVE”-ში წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება, დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა?

“ფინალი, რა ვიცი, ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] თავის ჯანმრთელობას იზიანებს… უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28 დღეა, საკვები არ მიუღია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს.

მსგავსი სიახლეები