ლარი მიმოქცევაში 1995 წლის ოქტომბერში გაეშვა და არასრულ 27 წელში მან უკვე საკუთარი ღირებულების 80% დაკარგა. რისი შეძენაც ემისიის მომენტში 100 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 500 ლარი სჭირდება, დღევანდელი 100 ლარი კი მსყიდველუნარიანობით მაშინდელი 20 ლარის ეკვივალენტურია.
1993 წელს რუსეთმა საქართველოს რუბლის მიწოდება შეუჩერა. დროებით ფულს – კუპონს არაფერი ამყარებდა. 15-20 მლნ კუპონი ოჯახს 1 კვირის პურის ფულად არ ჰყოფნიდა. ლარს კუპონისგან განსხვავებით ჰიპერინფლაცია აღარ განუცდია, თუმცა მისი რეალური ღირებულება მეოთხედ საუკუნეზე ოდნავ მეტში 5-ჯერ შემცირდა, რაც თავისთავად საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ბევრ ეკონომიკურ პრობლემებს ავლენს.
ხშირად ლარის ღირებულებას მხოლოდ დოლარის კურსით ითვლიან, რაც დიდწილად მცდარია. კურსი ფასებზე გავლენას ახდენს, მაგრამ ინფლაცია და ლარის გაუფასურება ყოველთვის პირდაპირპროპორციული არ არის. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ლარი მყარდებოდა, მაგრამ ფასები მაინც იზრდებოდა. გარდა ამისა, უცვლელი არც დოლარია და ის რისი შეძენაც 1995 წელს $100-ად შესაძლებელი იყო, დღეს $186 სჭირდება, უკუგადათვლით დღევანდელი $100 მსყიდველუნარიანობით 27 წლის წინანდელ $54-ს უთანაბრდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ლარი დოლართან მიმართებაში 1995-2022 წლებში 140%-ით, ხოლო თავის თავთან მიმართებაში 400%-ით გაუფასურდა.
ემისიიდან პირველი 3 წელი ლარი 1.30-იან ნიშნულს ინარჩუნებდა, თუმცა სამწლიანი ინფლაცია 23%-ს შეადგენდა. საპირისპიროდ, როდესაც 1999 წლის თებერვალში კურსმა 2.45-ს მიაღწია, რაც 88%-იან გაუფასურებას ნიშნავდა, ოთხწლიანი ინფლაცია 51%-ს უდრიდა.
2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის დროს, კურსი 2.19-ს შეადგენდა, ემისიის წერტილთან შედარებით 68%-ით მეტს, იმავე პერიოდში საქსტატის კალკულატორის მიხედვით სამომხმარებლო ფასები უკვე 80%-ით იყო გაზრდილი.
2003-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში 24%-ით 2.19-დან 1.67-მდე გამყარდა, მაგრამ სამომხმარებლო ფასები 68%-ით გაიზარდა.
2012-2022 წლებში კურსი 86%-ით 1.67-დან 3.10-მდე გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასები კი 57%-ით გაიზარდა. თუ ამ 10 წლიან მონაკვეთს უფრო მცირე პერიოდებად დავყოფთ განსხვავება უფრო დიდი იქნება. 2012-2015 წლებში დოლარი 47%-ით გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასები კი მხოლოდ 10%-ით გაიზარდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე კურსი 5%-ით გამყარდა, ინფლაციამ იმავე პერიოდში 20%-ს მიაღწია.
ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა საწვავი, კურსს ფასზე უშუალო გავლენა აქვს, მაგრამ თუ იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება და ამ დროს ლირა ლარზე მეტად გაუფასურდა, მიუხედავად დოლარში ანგარიშსწორებისა, გაუფასურებული ლირა იმპორტს მაინც აიაფებს.
კურსის გარდა ინფლაციაზე გავლენას კიდევ რამდენიმე ფაქტორი ახდენს, მათ შორის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ნედლეულის ფასები და ა.შ. 2017 წელს აქციზის გაორმაგებამ საწვავი 20 თეთრით გააძვირა, საწვავის ფასი კი ტრანსპორტირების ხარჯის გამო გავლენას შემდეგ თითქმის ყველა პროდუქტზე ახდენს. პანდემიის პერიოდში ფულის საჭრელი მანქანის ჩართვამ ინფლაცია დღეს უკვე მთელი მსოფლიოსთვის პრობლემა გახადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნავთობის ფასების 14 წლიან მაქსიმუმამდე ზრდა გამოიწვია, თუ ირანთან და ვენესუელასთან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა ნავთობი ისევ გაიაფდება. ტექნოლოგიები ზოგადად დეფლაციის ტენდენციით ხასიათდება. შეიძლება ახალი სმარტფონი იგივე ღირდეს რაც მისი წინა მოდელი 1 წლის წინ, მაგრამ თუ წარმადობას შევადარებთ, მაშინ თითო გიგაჰერცი სიხშირე, თუ თითო გიგაბაიტი მეხსიერება უფრო ნაკლები გამოდის.
ადრეული 90-იანების შემდეგ ინფლაცია საქართველოსი მაღალი 1998-1999 წლებში, 2006-2008 წლებსა და 2011 წელს იყო. ახალი ტემპი კი 2021 წელს აკრიფა, რომელიც დღემდე გრძელდება. უკვე მეცხრე თვეა რაც ორნიშნა ინფლაცია ნარჩუნდება.
2021 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 13.9%-ს, ბოლო 12 თვის საშუალომ კი 9.6%-ს მიაღწია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაცია 11.8% იყო მარტშიც.
საშუალო ხელფასი არ ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებული ხელფასი დასახელებულ რიცხვთან ახლოს იყოს, ანალოგიურადაა საშუალო ინფლაციის დროსაც. მარტში საკვები 17.8%-ით გაძვირდა. ადამიანი რაც უფრო ღარიბია, საკვებში თავის შემოსავლის უფრო დიდ წილს ხარჯავს, შესაბამისად მათთვის უფრო მაღალი იყო ვიდრე საქსტატის მიერ დათვლილი საშუალო. უმთავრესი მოხმარების პროდუქტი – პური, ბოლო 1 წელიწადში 25%-ით გაძვირდა.
ინფლაცია ერთგვარი დაფარული გადასახადია. 90-იან წლებში ბანკების მიმართ ნდობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ანაბრის დაკარგვის შიშით, ვინმეს 1995 წლის ოქტომბერში 100 ლარი რომ შეენახა, დღესაც 100 ლარი ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ მაშინდელი 20 ლარის წონის (1995 და 1999 წელს გამოშვებული ბანკნოტები 2022 წლიდან მოხმარებიდან ამოიღეს, მაგრამ მათი გადაცვლა ეროვნულ ბანკში ისევ შესაძლებელია). ვინ მოიპარა 80 ლარი? დრომ, უფრო სწორედ თანამედროვე მონეტარულმა პოლიტიკამ. ფასები ცალკეულ პროდუქტებზე ოქროს სტანდარტის დროსაც იცვლებოდა, მაგრამ არა ამ ტემპით.
2021-2022 წლებში ორნიშნა ინფლაციამ ხელფასებისა და პენსიების ზრდის ტემპსაც კი გაასწრო. 2020 წლის მარტში 70 წლამდე პირისთვის ასაკობრივი პენსია 220 ლარს შეადგენდა, დღეს 260 ლარია, თუმცა 2 წლის წინანდელი 220 ლარი მსყიდველუნარიანობით ამჟამინდელ 264 ლარს უტოლდება. 70 წელს გადაცილებულთათვის 2020 წლის ივლისში პენსია 250 ლარი გახდა, დღეს 300 ლარია, მაგრამ მაშინდელი 250 ლარი ამჟამინდელი 302 ლარის ტოლია. 2 და 4 ლარი შეიძლება ბევრი არაფერია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საკვები პროდუქტი და მედიკამენტების ნაწილი უფრო ინფლაციის საშუალო ტემპთან შედარებით უფრო მეტად გაძვირდა, გამოდის რომ ნომინალური პენსიის ზრდის ტემპი, რეალურ ინფლაციას ვეღარ უსწრებს.
2020 წლის ნომინალური საშუალო ხელზე ასაღები ხელფასი, საპენსიო შენატანისა და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ 935 ლარს შეადგენდა, 2021 წელს 1065 ლარამდე გაიზარდა, საქსტატის კალკულატორის მიხედვით 2020 წლის 935 ლარი მსყიდველუნარიანობით 2021 წლის 1065 ლარს უდრის, რაც რეალურად ნულოვან ზრდას გულისხმობს.
ინფლაცია რომ მოსახლეობას აღარიბებს ამას ირიბად სახელმწიფოც აღიარებს. გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პარალელურად, სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე 532 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა.
გიორგი ელიზბარაშვილი