მესტიას ელექტროენერგია არ მიეწოდება – დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ძლიერი თოვის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი სადენები დაზიანდა, რის შედეგადაც მესტიას წუხანდლიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მესტიის მერის მოადგილე ნელი ნავერიანის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს.

“ხაიში-ლახამულას მონაკვეთზეა ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანებული… ვესაუბრე “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს, ადგილზე არიან და მალე აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, – განუცხადა რადიო თავისუფლებას ნელი ნავერიანმა.

მისივე ინფორმაციით, სხვა განსაკუთრებული პრობლემები უხვ ნალექს არ შეუქმნია. როგორც მერის მოადგილე აღნიშნავს, თოვლი არ არის იმ მოცულობის, რომ მესტიის ცენტრთან მისასვლელი გზა ჩაეკეტა.

“თოვლი არის, მაგრამ არა ისეთი, რომ გზა ვერ გავიკვალო. ზედა სოფლებისკენ, უშგულის მიმართულებით უფრო დიდია თოვლი, მაგრამ ცენტრალურ გზამდე რომ ვერ გამოვიდეს რომელიმე სოფელი, ასე არა”, – განაცხადა ნელი ნავერიანმა.

“ენერგო-პრო ჯორჯიაში” რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში “ელექტროენერგიის მოხმარების არაგონივრული, დიდი ტვირთის” გარდა, ამჟამად, ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ერთ-ერთი მიზეზი, უხვი ნალექია, რომელმაც გამოიწვია ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანება. კომპანიაში არ აკონკრეტებენ სამუშაოების დასრულების დროს.

“ენერგო-პრო ჯორჯია” არ გამორიცხავს, მესტიის მუნიციპალიტეტს მომავალშიც შეექმნას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, დენის უკანონო მოხმარების გამო:

“მესტიაში ტურისტული ნაკადის პრაქტიკულად არარსებობის მიუხედავად, ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზია კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმები, რომლებიც უკანონოდ არიან მიერთებულები ელექტროქსელთან. შესაბამისად და სამწუხაროდ, მომავალშიც ვერ გამოვრიცხავთ ასეთი სახის შეფერხებებს მთელი რაიონის ელექტრომომარაგების კუთხით.

დღეს დილის 06:00 საათიდან ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები გასულები არიან დაზიანებული გადამცემი ხაზის აღსადგენად, თუმცა, მათი გადაადგილება, ავარიის ადგილებამდე მიღწევა საკმაოდ გართულებულია, რადგან თოვლის საფარი დიდია ზოგიერთ მონაკვეთზე”, – აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სვანეთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული.

კერძოდ, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათი ინფორმაციით, ამავე გზის ხაიში-კალას მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დიზი-კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის – ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები