კალაძე მედიას ემუქრება: „მივიღებთ კონკრეტულ ზომებს“

თბილისის მერი კახა კალაძე მედიას ემუქრება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედია, რომელიც მერიის მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე მიდის და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას არ გააშუქებს, თბილისის მერიას “ურთიერთობების გადახედვა მოუწევს და მიიღებს კონკრეტულ ზომებს”.  ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 9 დეკემბერს ისაუბრა.

კალაძის თქმით, ის გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ მედიის შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხები იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას არ ეხება, თუმცა მისი თქმით, “ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ღონისძიების გაშუქება არ ხდება”.

ამასთან, კალაძე მიიჩნევს, რომ ის ჟურნალისტებს მერიის გაკეთებული პროექტების გაშუქების შესაძლებლობას აძლევს:

“მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც ვფიქრობ, გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს და საზოგადოებასაც მინდა მივაწოდო ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ კვირაში 3-4-ჯერ გვიწევს მედიასთან კომუნიკაცია, მერიის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებებზე ვიკრიბებით, ეს არის ის ყოველდღიური საქმიანობა, რომელსაც ვეწევით და ვიწვევთ მედიას, განურჩევლად ყველას.

არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც იმ დღესთან დაკავშირებით, თუ რატომ ვართ შეკრებილები, ინფორმაციას არ ავრცელებენ. გიწვევთ იმისთვის, რომ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არგვარცელება საინფორმაციოებში.

არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს არა?! მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ… მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში, სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემაზე და ვცდილობ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე…

ასე, რომ თუ ეს გაგრძელდება, ჩვენ მოგვიწევს ურთიერთობას გადავხედოთ და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს”, – თქვა კალაძემ.

კალაძეს არ განუმარტავს, რას გულისხმობს “კონკრეტულ ზომებში”.

გუშინ, 8 დეკემბერს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული მედიასაშუალებები უკვე მეორედ არ დაუშვა. ამასთან, სამინისტრომ ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა ზოგიერთ მედიასაშუალებას, მათ შორის “ნეტგაზეთსაც”. მიზეზის გასარკვევად “ნეტგაზეთი” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელთან, რუსო უშიკიშვილთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

მსგავსი სიახლეები