ამბოხებულმა რუსმა სამხედროებმა ტანკით გადაუარეს მეთაურს

დასავლეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს უკმაყოფილო რუსმა სამხედროებმა ტანკით გადაუარეს თავიანთ მეთაურს. აღნიშნულის შესახებ The Guardian წერს.

ამგვარად, მათ გაიმეორეს ცნობები, რომლებიც თავდაპირველად მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა. უკრაინელი ჟურნალისტი იუწყებოდა, რომ 37-ე ცალკეული გვარდიის მოტორიანი შაშხანის ბრიგადის პოლკოვნიკს ტანკი დაეჯახა. ზოგიერთი ცნობით, პოლკოვნიკი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

The Guardian ციტირებს ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, რომლის თანახმადაც, სჯერათ, რომ ბრიგადის მეთაური “მოკლულია თავისივე ჯარების მიერ”, მას შემდეგ, რაც მისმა ბრიგადამ “მასშტაბიანი დანაკარგები” მიიღო სასტიკ ბრძოლაში.

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც მეთაურს გადაუარეს, ნაკლებად ნათელია, დაიღუპა თუ არა ის, როგორც ამას დასავლეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ.

გამოცემის მიხედვით, პარასკევს ღამით მათ ნაწილობრივ უარყვეს აღნიშნული მტკიცება სოციალურ მედიაში გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების ფონზე.

“მათ განაცხადეს, რომ ცდილობდნენ გარკვევას, ცოცხალი იყო ის თუ მკვდარი”, – ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დასავლელ ოფიციალურ პირთა თქმით, აქ მთავარია ის, რომ პოლკოვნიკი ბუნტის მსხვერპლი გახდა და არა ის, გამოიწვია თუ არა ამ ფაქტმა სამხედრო მეთაურის გარდაცვალება.

იმაზე, რომ პოლკოვნიკს თავისივე სამხედროებმა გადაუარეს, ამბის პირველწყარო, უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკიც საუბრობს. მისი ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ქვედანაყოფმა, რომელიც კიევის დასავლეთით, ქალაქ მაკარივში იბრძოდა, “თავისი პერსონალის დაახლოებით 50%” დაკარგა.

ჟურნალისტის თანახმად, შედეგად მეთაურს ორივე ფეხი დაუზიანდა. ის ბელარუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

The Guardian ასევე ახსენებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სამედიცინო ჯგუფის მიერ გადაყვანილი მეთაური, ვინმე იური მედვედევი ჩანს. კადრებში ჩანს, რომ ის აშკარად ცოცხალია.

დასავლურ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების ფონზე, რუსეთის ძალები მორალურად დასუსტებულნი არიან. აშშ-ის თანახმად, ომში 7 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მოკლულია 7 გენერალი. თავად რუსეთი აცხადებს, რომ სამხედრო კამპანიისას 1 351 სამხედრო დაკარგა.

უკრაინის მხარეს რამდენიმე ათასი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ომს 1081 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მსგავსი სიახლეები