თუკი ონლაინ თამაშში თბილისის ქუჩებში სეირნობა თქვენც მოგდომებიათ, ახლა ეს უკვე შესაძლებელია. თბილისის 3D რუკაზე მუშაობა ბესო გოცირიძემ საკუთარი ინიციატივით დაიწყო. პროფესიით ინტერიერის დიზაინერს ყოველთვის ჰქონდა სურვილი შექმნილიყო საქართველოს რუკა, სადაც სიჩქარის მოყვარულებს და არამარტო მათ, შესაძლებლობა ექნებოდა საქართველოს ტერიტორიებზე ესეირნათ, ამიტომ გადაწყვიტა თავისუფალი დრო რუკის რეალურ ზომებში შექმნისთვის დაეთმო.
„თავიდან იყო მხოლოდ სააკაძის მოედანი და იმდენად ტკბილი იყო ეს შეგრძნება, რომ გავაგრძელე რუკის გაზრდა.“
ბესო გოცირიძე: „ყოველთვის მიყვარდა ავტომობილები და რამდენიმე კარტინგის შეჯიბრშიც ვარ გამარჯვებული. დაკავებული ვიყავი SIMRACING-ით (ვირტუალური ონლაინ თამაშებით), კონკრეტულად, იტალიური თამაშით Assetto Corsa, რომელიც საუკეთესო ონლაინ სიმულატორია, უმაღლესი დონის ფიზიკით.
რუკაზე, 3D მოდელსა და ვიზუალზე ვმუშაობ მხოლოდ მე, მეგობრები ტესტირებაში, გაუმჯობესებასა და პოპულარიზაციაში მეხმარებიან. თბილისის რუქის გამოყენება შეიძლება სხვა თამაშებშიც, ისეთი როგირიც არის GTA, LFS და სხვა…
არ მაქვს არანაირი დაფინანსება, თუ ვინმეს ექნება სურვილი რუკის ყიდვის (სხვა თამაშისთვის), ან სარეკლამო სივრცის აღების სურვილი, ან რაიმე კარგი შემოთავაზება, მოხარული ვიქნები, რადგან რუკის ზომაში გაზრდას უფრო სწრაფად შევძლებ!
ამჟამად, ვმუშაობ თბილისის რუქაზე შუქნიშნებისა და საავტომობილო მოძრაობის შექმნაზე, რაც საშუალებას მისცემს დამწყებ მძღოლებს ჯერ კომპიუტერში ივარჯიშონ გამოცდისთვის.
სექტემბრისთვის რუკის v0.7-ის ონლაინ სერვერზე გაშვება იგეგმება, სადაც ყველა მსურველს ექნება შესვლის შესაძლებლობა. აგრეთვე, პროგრამისტის დახმარებით, თბილისის ტელეფონის ვერსიაზეც ვმუშაობ.“