გამოგვიყენეს – რატომ არ აძლევენ ბინებს „ოცნების ქალაქში“

„ოცნება 2024 წლის არჩევნებს უცდის, იმიტომ არ გვაძლევენ ბინებს,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე, რომელიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. აქ დღეს არ უჭირთ იმის თქმა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ – 2022 წლის აპრილის შუალედურ არჩევნებზე მოატყუეს და მმართველი პოლიტიკური ძალა „ოცნების ქალაქის“ გამოყენებას მომავალი არჩევნებისთვისაც აპირებს.

„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა „ოცნების ქალაქში“ კორპუსებზე, რომელთა მშენებლობაც ამ დრომდე არ დასრულებულა. ეს ის კორპუსებია, სადაც შესახლებას მთავრობა აქ მცხოვრებლებს ჯერ 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდა, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, შემდეგ კი, 2022 წლის აპრილში – ისევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.

მორიგი არჩევნები 2024 წელსაა. რას ფიქრობენ ამჯერად „ოცნების ქალაქში“?

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – იმის მიუხედავად, რომ არჩევნების პირველი ტური ბათუმში ოპოზიციამ მოიგო, არჩევნების მეორე ტურში „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა. „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. 

წინასაარჩევნოდ „ოცნების ქალაქში“ ასობით ადამიანი დარეგისტრირდა „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“. ამ მისამართზე „ოცნების ქალაქია“ – ადგილი, სადაც ასეულობით ოჯახი წლებია საცხოვრებელს ითხოვს, მთავრობა წლებია მათთვის კორპუსებს აშენებს. ბარაკებში მცხოვრებმა ადამიანებმა არც მაშინ და არც ახლა არ იციან ზუსტად, ვის მოუწევს ბინა ან როდის დასრულდება კორპუსების მშენებლობა.

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატთან – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად თორნიკე რიჟვაძეც გამოჩნდა და ამ ადამიანებს ბინების გადაცემას დაჰპირდნენ. 338 ამომრჩეველი, რომელიც ახლაც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს და არჩევნების პირველ ტურში ხულოში, შუახევში, ქობულეთსა და წალკაში მისცეს ხმა, 2 აპრილის არჩევნებზე ბათუმში ჩადგნენ „ოცნების“ მხარდამჭერთა რიგში.

ამ დრომდე არავის გამოუძიებია დამისამართების ეს პროცესი, რასაც, მაგალითად, საია უკანონობად აფასებდა. გამოძიებას არც „ნუგზარ ფუტკარაძის საქმე“ გამოუძიებია – საკრებულოს ამ დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ გახდა საჭირო შუალედური არჩევნები.

ენმ-ს გავრცელებული აუდიოჩანაწერით და ენმ-ს ლიდერების მტკიცებით კი, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. აუდიოჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთხოვენ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას. თუ ნუგზარ ფუტკარაძე დასთანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

აჭარის მთავრობა აპირებდა, რომ„ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებდა [პირველი ეტაპი], ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს [მეორე ეტაპი]. დღემდე კორპუსების მშენებლობა არ დასრულებულა.

დღეს, 13 აპრილს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე კომპანიაში „დაგი“ ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, როდის დასრულდება კორპუსების მშენებლობა „ოცნების ქალაქში“.

მშენებარე კორპუსები „ოცნების ქალაქში“ – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„გამოყენებულად და მოტყუებულად ვგრძნობთ თავს, დიდი ხანია ასეა, შეგუებულიც ვართ ამას“, – ეს „ოცნების ქალაქის“ კიდევ ერთმა მცხოვრებმა, ნანა ბერიძემ გვითხრა. ისიც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მორიგ არჩევნებს ელის.

„ბევრჯერ გადაიწია მშენებლობის დასრულების ვადა, კიდევ რამდენჯერ გადაიწევა ვინ იცის… შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს არჩევნებს, რომ უფრო მობილიზდეს ხალხი, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა.

ჩვენ რამაზ ჯინჭარაძეს მივენდეთ და მივეცით შანსი, რომ ჩვენ გვერდით იყოს ბოლომდე. თუ ეს არ იქნება დასანახი, ვეღარ მიიღებენ მხარდაჭერას,“ – გვიყვება ნანა ბერიძე. ის და „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სხვა ადამიანები მიიჩნევენ, რომ „ზედმეტი ჩართულობის“ და დამისამართების გარეშეც რამაზ ჯინჭარაძე  გაიმარჯვებდა.

ამ ადამიანებს შევახსენეთ, რომ მათი დამსახურებით რამაზ ჯინჭარაძე ახლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა.

„მარტო მასზე ხომ არ არის დამოკიდებული…“ – გვითხრა, მაგალითად, მაია ცეცხლაძემ. ისიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე აქცენტს გაურბიან.

შესაბამისი თანამდებობის პირისთვის, მაგალითად, რამაზ ჯინჭარაძისთვის, ან მთავრობაზე შესაბამისი პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, „ოცნების ქალაქში“ ყურადღებას ამახვილებენ ახალი კორპუსების მშენებლობის ხარისხზე – ისინი შიშობენ, რომ სახლები უხარისხოდ შენდება.

„რაღაც ნაწილი ჩამოიშალა, ქარიშხლის დროს საშინელება ხდებოდა… კედელი გამრუდებულიც იყო, შიშის გრძნობა გვაქვს, რომ უარესი არ დაგვემართოს,“ – ამბობს ნანა ბერიძე.

„გლეხიც რომ მიხვდება გარედან, კედელი რომ არასწორად ამოიყვანეს, ეს იყო…

„ოცნების ქალაქში“ აშენებული კორპუსის ერთ-ერთი კედელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

იყო ისიც, რომ სათანადო მასალები არ შეიტანეს და ასე შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზის დასკვნას, როცა დასრულდება მშენებლობა,“ – გვითხრა მარინა ბერიძემ. მას უკვე დაუთვალიერებია ერთ-ერთი კორპუსი, რომლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ამბობს, რომ საცხოვრებელი ბინები ძალიან ვიწროა. მარინა ბერიძის აზრით, დასრულებულ კორპუსში, პირველ რიგში, ის ოჯახები უნდა შეასახლონ, რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ.

„განსაკუთრებით ამ ძლიერი ქარის დროს გამოჩნდა იმ ოჯახების პრობლემა, რომლებიც „ოცნების ქალაქში“, ძველ კორპუსებში ცხოვრობენ… ის რომ ჩამოიშალოს, თურქეთი განმეორდება ჩვენთან, ვინმე თუ გადარჩება, არ ვიცი… დასრულებულია ერთი კორპუსი და ხომ შეიძლება ეს ოჯახები მაინც გადაიყვანონ?“ – კითხულობს მარინა ბერიძე.

მარინა ბერიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებამდე მოუწევს მინიმუმ რამდენიმე ოჯახის შესახლება ახალ კორპუსებში. მოქალაქის დაკვირვებით, ხელისუფლება მორიგი პოლიტიკური რეკლამისთვის ამზადებს „ოცნების ქალაქს“.

„ახლა ხალხმა უკვე დაინახა რეალური სახე. ეს ხალხი ჯერ კიდევ დაიმედებულია, რომ ყველას მოუწევს ბინა, მაგრამ მგონია, რომ აპირებენ მხოლოდ 580 ოჯახი შეასახლონ, ამით დაასრულონ, მაგრამ რეკლამის ქალაქს ესენი ვერ ეღირსებიან.

შესახლების პროცესი როცა დაიწყება, აქ იქნება მეორე მსოფლიო ომი. დიდი აყალ-მაყალი იქნება, რადგან აქ ვინც ცხოვრობს, ყველა იმსახურებს საცხოვრისს, არ ვგულისხმობ რამდენიმეს, ვისაც 3 ბინა აქვს და დღესაც ჩემ გვერდითაა.

არჩევნებიდან არჩევნებამდე თამაშობს ხელისუფლება ხალხის ბედით, ეს არის რეალობა. ხელისუფლებამ იცის კარგად ხალხის სუსტი წერტილი. აი, ძაღლს რომ დაამშევ და მერე პურს მიუგდებ, ასე ვართ საცოდავი ხალხი.

გამოიყენეს და მოატყუეს ოცნების დასახლება, მაგრამ, ჩემი აზრით, რამაზს [რამაზ ჯინჭარაძე – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] იმდენი პლუსი აქვს, არც სჭირდებოდა ეს კამპანია, ჩირქი მოსცხეს ტყუილად.

მოსახლეობა იყო გამოყენებული, რაც არ ეკადრებოდათ, არ უნდა გადადგმულიყო ეგ ნაბიჯი.

დღემდე აქ რამდენიმე ადამიანი ისევ ცდილობს „ოცნების“ პიარს. რამდენს უხდიან არ ვიცი, მაგრამ იმდენად მათ დაკრულზე ცეკვავენ, რომ შეუძლიათ არაერთი პოსტი მიუძღვნან ხელისუფალს და ზეცაში აიყვანონ.

მე ერთი პროცენტი ნდობა, რაც დარჩენილი მქონდა, ისიც დავკარგე, როცა ჩვენს ერთადერთ უფლებადამცველს –  თამაზ ბაკურიძეს ბორკილები დაადეს ხელზე. ძალადობა დააბრალეს უფლებადამცველს, როცა თვითონ იძალადეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს. უფლებადამცველს რომ ამას გაუკეთებ, მე რას გამიკეთებ ხვალ?“ – მარინა ბერიძე ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, თამაზ ბაკურიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გულისხმობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„ხალხი უკვე ხედავს, რაც ხდება. მთხოვენ, დავიწყოთ ისევ აქციები. აქაური ხალხის გაჩერება არა მგონია, ვინმემ შეძლოს,“ – დასძინა მარინა ბერიძემ.

„რასაც ვუყურებ, ისე შენდება ეს კორპუსები, მგონი, ჩემი ქოხი მირჩევნია ისევ,“ – ამბობს მაია ცეცხლაძე. – „არჩევნებზე მე არ დავდივარ საერთოდ და არც 2 აპრილის არჩევნებზე მივსულვარ, მაგრამ ფაქტია, რომ დაჰპირდნენ ადამიანებს ბინებში შეყვანას და არავინ შეუყვანიათ.

არავინ გვეხმიანება საერთოდ მთავრობიდან, ან მერიიდან. არ აქვთ პასუხი და რა პასუხი უნდა გაგვცენ?

უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიმსახურებთ საცხოვრისს, თუ არადა, 8 წელი აქ ვცხოვრობ და ვიცხოვრებთ აწიც,“ – გვითხრა მაია ცეცხლაძემ.

აქცია „ოცნების ქალაქში“, 2022 წლის აპრილი, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

———————————————————

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს საახალწლოდ, ანუ 2022 წლისთვის, ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, 2021 წლის აგვისტოში დაჰპირდნენ. მოგვიანებით კი, „ბათუმელებს“ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, რომ მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდებოდა; რაც შეეხება ბინების გადაცემას, „კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზე“ იყო და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყებოდა ბინების გადაცემა.

კორპუსებს კომპანია „დაგი“ აშენებს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება 38 620 856 ლარზე აქვს გაფორმებული. მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა ორეტაპიანია და 2025 წელს მთლიანად უნდა დასრულდეს. პროგრამისთვის 2022-2024 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

batumelebi.netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები