სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგს მესამე მხარედ ჩართვას სთხოვს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გეგმავს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველს მსგავსი შესაძლებლობა წარსული ჰქონია და ახლაც იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ომბუდსმენს ნებას დართავს საქმეში ჩაერთოს:

„სახალხო დამცველი აპირებს სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით ამ საქმეში ჩართოს მესამე მხარედ. ჩვენ გვქონია ასეთი შემთხვევა და იმედს ვიტოვებთ მოგვეცემა შესაძლებლობა იქ წარვადგინოთ ინფორმაცია ჩვენ მათ შორის, ჩვენ მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოპოვებულ ინფორმაციას“ – ამბობს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმებთან ერთად მივიდა. ლომჯარიას თქმით, სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ექიმებს მისი რწმუნება აქვთ, შესაბამისად, ისინი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ლომჯარიას განცხადებით, ექიმები გაესაუბრებიან მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, ასევე შეამოწმებენ გლდანის ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას და მის თავსებადობას სააკაშვილის საჭიროებებთან.

მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფში სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:

  • გიორგი გრიგოლია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
  • გრიგოლი ხურციძე, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;
  • გიორგი კაჭარავა, კარდიოლოგი;
  • გიორგი პაპიაშვილი, კარდიოლოგი/არითმიოლოგი;
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;
  • მამუკა მაჩაიძე, ინფექციონისტი, თერაპევტი;
  • თენგო წულაძე, ნევროლოგი;
  • ნინო ზავრაშვილი, ენდოკრინოლოგი.

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი, ომბუდსმენის ცნობით, ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები