ვიდეო – როგორ ჩაიგდო სამეფო ადგილები ხელში თავდაცვის მინისტრის ოჯახმა

“ნოდარ მელაძის შაბათის” ხმაურიანი ექსკლუზივი – ტერიტორია ჯანდიერების სათავადო მამულებთან თავდაცვის მინისტრის ოჯახის საკუთრება გახდა. 

  • რა სქემით გადაიფორმა ჯუანშერ ბურჭულაძის 21 წლის შვილმა  სოფელ ვაჩნაძიანში მიწები, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, საუკუნეების წინ, მეფე თეიმურაზმა ჯანდიერებს უსახსოვრა?!

ადგილობრივების თქმით, როდესაც სოფელში, პალატებისკენ მიმავალი გზის დაგება დაიწყეს და ამისთვის მილიონები გამოყვეს, ხალხს უთხრეს, რომ უძველეს ტაძრამდე მისასვლელი კეთდებოდა. მოსახლეობამ მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს გზა ხალხს ტაძრამდე არ მიიყვანდა. გზა მთავრდება იქ, სადაც მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შვილის, ახლად შეძენილი, სათავადო მამულები იწყება. 

  • ვაჩნაძიანის პალატებში, ჯანდიერების სათავადო მამულების მიმდებარე ტერიტორიების მფლობელი, თავდაცვის მინისტრის ოჯახი ეტაპ-ეტაპ გახდა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მინისტრის 21 წლის ვაჟმა ჯამში 100 ათასამდე კვადრატული მეტრი ტერიტორია ხედით კავკასიონზე, დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად შეიძინა. 

ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ ჯანდიერების სათავადო მამულების მიმდებარედ, მიწის ნაკვეთები უმცროსმა ბურჭულაძემ და მისმა პარტნიორმა, ადგილობრივი მოსახლეობისგან იყიდეს, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ თითქმის ყველამ, ვინც ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟს მიწის ნაკვეთები გადასცა, ეს ქონება წინა დღეს დაიკანონა.

“შაბათის ეთერმა” ჟურნალისტური გამოძიების დროს მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ საჯარო რეესტრი ვაჩნაძიანის მცხოვრებლებს, მიწების დაკანონებაზე უარს ეუბნებოდა, თუმცა ამის შემდეგ, მხოლოდ მიწის აღიარების კომისიის ცნობებით, ფართები მაინც დაიკანონეს და მეორე დღესვე მინისტრის შვილს გადაუფორმეს. კახეთის მეფის, თეიმურაზის მიერ, ჯანდიერებისთვის მე-17 საუკუნეში ბოძებული მამულების მიმდებარედ, ვაჩნაძიანში მცხოვრებლებს პრეტენზია ერთად გაუჩნდათ, ერთად დაიკანონეს მიწები და ერთად მიჰყიდეს შემდეგ თავდაცვის მინისტრის შვილს ან მის ბიზნეს პარტნიორს. ამ საქმეში მთავარი მოქმედი გმირი, სოფლის რწმუნებული, სიმონ ლოლაძეა. “შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ თავდაცვის მინისტრის შვილისთვის და მისი პარტნიორებისთვის ტერიტორიების გადაცემის პროცესში, სოფლის რწმუნებული, დოკუმენტებში დაინტერესებულ პირად არის მითითებული.

ვაჩნაძიანელები თავს მოტყუებულად გრძნობენ და თვალს ადევნებენ, როგორ ეწყობა მათი ფულით, თავდაცვის მინისტრის ოჯახის საოჯახო ბიზნესი.

დავით ბურჭულაძის ახალ ბიზნეს-პროექტს მხოლოდ გზა არ ჰყოფნის. ბეტონის ახალ საფართან ერთად, 2 კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ დამონტაჟდა ახალი ელექტროგადამცემი ბოძებიც, რომლითაც სასტუმრო კომპლექსი  ელექტროენერგიით უნდა მომარაგდეს, მოეწყო წყლის ჭაბურღილიც. აქედან უნდა მომარაგდეს თავდაცვის მინისტრის ვაჟის, ჰექტრებზე გადაჭიმული გრანდიოზული კომპლექსი.

თავდაცვის მინისტრის შვილისთვის ტერიტორიისკენ მიმავალი გზის მშენებლობისთვის თუ ფული იყო, ჩნდება კითხვა, სოფელს ამ დრომდე დღეგამოშვებით რატომ მიეწოდება წყალი?!

ჯანდიერების სათავადო მამულებთან მიწები, მინისტრის ოჯახის საკუთრება გახდა, მასთან ბეტონის მილიონნახევრიანი გზაც სახელმწიფომ მიიყვანა. ამ დროს ჯანდიერების მუზეუმი ინგრევა, ფული კი რემონტისთვის არ არის.

800 კომლიანი სოფლის სკოლის დახურვის მიზეზადაც უსახსრობას ასახელებენ. ვაჩნაძიანელი მოსწავლეები უკვე მეორე წელია, მეზობელ სოფელში დადიან.
ვაჩნაძიანში ღიად განიხილავენ სკოლის გაყიდვის და ტურისტულ ცენტრად გადაკეთების ვერსიასაც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათი სოფლით, თავდაცვის მინისტრის ოჯახი დაინტერესდა.

არადა ფული და გავლენა, ვაჩნაძიანის შემთხვევაში, ნამდვილად გადამწყვეტი აღმოჩნდა. გზა, დენი, წყალი და ბუნებრივი აირიც კი, მინისტრის ვაჟს ადგილამდე მიუყვანეს.

დავით ბურჭულაძის სიმამრი ფულს მოსკოვში შოულობს, მინისტრის რძლის ბაბუა კი ცნობილი კანონიერი ქურდია, რომელიც რუსეთში ჩაცხრილეს. კრიმინალურ სამყაროში, “კემეს” მეტსახელით ცნობილ ე.წ. ავტორიტეტს, სამუდამო განსასვენებელი წალენჯიხაში, მის მიერვე აგებული ტაძრის ეზოში აქვს მოწყობილი.

მსგავსი სიახლეები