ერთკანდიდატიანი არჩევნები საქართველოში

ბოლო დროს, რამდენიმე სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციაში ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები მხოლოდ ერთი კანდიდატის პირობებში ჩატარდა. იგივე მოხდა რამდენიმე სპორტულ ფედერაციასა და სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, სადაც ბოლო პერიოდში ხელმძღვანელებისა და წევრების თანამდებობებზე კანდიდატები კონკურენციის გარეშე აირჩიეს:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევნები

2022 წლის ოქტომბერში მოსამართლეთა კონფერეციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია. ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მხოლოდ მურუსიძის და გვრიტიშვილის კანდიდატურები დასახელდა, მოსამართლეთა კონფერენციამ ორივე მათგანს მხარი დაუჭირა. ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო, გვრიტიშვილმა კი — 267.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ მოსამართლეთა კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა ვაკანტურ ადგილას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი თავი თავად დაასახელა.

რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში

2022 წლის ნოემბერში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე გახდა. ყარამან ქუთათელაძე ერთადერთი იყო, რომელიც სამხატვრო აკადემიის რექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა.

აკადემიის რექტორს ირჩევს 11 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო, არჩევნები კი, წესით, 18 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა უცნობია არჩევნების ჩატარებისა და ასევე, იმის შესახებ, თუ აკადემიური საბჭოს რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი ქუთათელაძის რექტორობას. ამის შესახებ ინფორმაცია აკადემიას  არცერთი საკომუნიკაციო არხით არ გაუვრცელებია.

რექტორის არჩევნები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წლის ნოემბერში ჯაბა სამუშია, რომელიც არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად აირჩია.

არჩევნები უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა. წესდების თანახმად, რექტორი 38-იან აკადემიურ საბჭოს უნდა აერჩია – 4 წლის ვადით.

არჩევნებზე 32 წევრი გამოცხადდა, აქედან სამუშიამ 30 ხმა აიღო, ორ ბიულეტენი კი ბათილად ცნეს, რადგან საარჩევნო კომისიის თქმით, მათზე ნება არ იყო გამოხატული.

მანამდე, ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მაშინაც ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლად საკუთარი კანდიდატურის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე „ნეტგაზეთისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობაზე ჯაბა სამუშიას დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა თავად ამას უარყოფდა.

 7 ოქტომბერს, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად, აპირებდა თუ არა რექტორად კენჭისყრას, სამუშიამ განაცხადა: „ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არც იგეგმება“.

თსუ-ის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე, – რომელიც მანამდე განათლების მინისტრის მოადგილე იყო, – 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს, 4 წლით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა მან პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.

რამდენიმე დღის წინ გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

კანცლერის არჩევნები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები 7 დეკემბერს ჩატარდა, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი, მერაბ დიასამიძე იყო წარმოდგენილი.

მერაბ დიასამიძე ამავე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

მერაბ დიასამიძე 16 ხმით აირჩიეს კანცლერად. უფლებამოსილების ვადა 4 წელია.

აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის 28 ივნისიდან ნიკა ჩხარტიშვილი იკავებდა. როგორც ბსუ-ში განაცხადეს, ჩხარტიშვილმა თანამდებობა თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

2021 წლის 8 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად გასამართ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ვიქტორ სანიკიძის სასარგებლოდ მოხსნა.

შედეგად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

არჩევნები 11 დეკემბერს, გაიმართა.

სანიკიძეს მხარი ერთხმად დაუჭირა ხმის მქონე 39-მა სუბიექტმა. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 15 იანვარს დასრულდა. არჩევნებზე მხოლოდ ერთი, მოქმედი პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

ფედერაციის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე კობიაშვილი 29 სუბიექტმა წარადგინა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნები

დღეს, 26 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ მოქმედი თავმჯდომარე კახა ბექაური ამავე თანამდებობაზე მესამე ვადით აირჩია.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. საქართველოს პარლამენტმა ბექაური კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებში კახა ბექაურის კანდიდატურას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ ერთხმად დაუჭირა და ამავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

 

წყარო:  netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები