გეგმავს თუ არა მთავრობა ზაფხულის პერიოდში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას

ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მოქალაქეებისთვის საჭიროებას წარმოადგენს გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. ამასთან, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და რეკომენდაციების დაცვა.

„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში.

ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია და ყურადღება გამახვილდეს იმ ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჭიროა სოციალური დისტანცია, პირბადე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული და აღნიშნა, რომ კვლევები გრძელდება.

„ვაგრძელებთ კვლევას, ვინაიდან არსებობს გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ მისი გავრცელება შესაძლოა, იყოს გაცილებით მაღალი. ყველასთვის ცნობილია, რომ ინდური შტამის გავრცელება არის გაცილებით სწრაფი, ვიდრე სხვა შტამის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები