ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – ომბუდსმენი სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ეხმაურება კანონპროექტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ამბობს, რომ ის არაკონსტიტუციურია.

ოფიციალურ განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ აღნიშნული კანონპროექტი უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამასთანავე, კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

„მიგვაჩნია რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.

სახალხო დამცველი განმარტავს:

„ინიცირებული კანონის პროექტის მთავარი ხარვეზი არის სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება. ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან რომ არ გვაქვს საქმე, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტიურად არ იცვლება ინიცირებული კანონის პროექტით,“.

სახლახო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა საჯარო მოხელეებთან და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით – „პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის,“>

„განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბდა იმ ტიპის დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც ეფექტურად და გამჭვირვალედ ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს.

2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, ითხოვდა ინფორმაციას მიმდინარე რეჟიმში და სწავლობდა სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენს ანგარიშებში ყოველთვის ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა დროულობის, დეტალურობისა და ზედმიწევნითობის მოთხოვნებს,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისი დაკვირვებით „შედეგები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არათუ დაყოფა, არამედ პირიქით გაძლიერება ჭირდება როგორც საკანონმდებლო, ისე საბიუჯეტო მიმართულებით,“

„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. პარალელურად მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ ტიპის კანონის პროექტის მიღება, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას გააუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის მიმართვის ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა,“ – წერს სახალხო დამცველი.


ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. 

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მსგავსი სიახლეები