გავლენიანი სუს-ის თანამშრომლები ლილუაშვილის გადადგომას მოითხოვენ, ივანიშვილიც თანახმაა

“სუს-ის თანამშრომლები ლილუაშვილის გადადგომას მოითხოვენ. ახლა, ეგ ხალხი  მიტინგს არ გამართავს  მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ ვისაც გავლენა აქვს, ყველა იმ თანამშრომელმა განაცხადა, რომ ლილუაშვილმა უსაფრთხოების სამსახური ჩამოშალა და  ამის გამო, სუს-იდან უნდა წავიდეს”

ლევან ჯავახიშვილი

საქართველოს ხელისუფლება უკვე აღარ იქცევა ისე, როგორც სახელმწიფოს ხელისუფლება. აქ ლაპარაკი არ არის დემოკრატიულ, ნახევრად დემოკრატიულ და ზოგადად, ნორმალური ქვეყნის ხელისუფლების ქმედებაზე. ავტოკრატიული და  დიქტატორული ქვეყნების ხელისუფლებები არ იქცევიან ისე, როგორც „ქართული ოცნება“ იქცევა. ცხადია,  სუს-ის მიერ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის   თვალთვალს ვგულისხმობ. ეს უკვე ის „წითელი ხაზებია“, რომელთა გადალახვასაც ამერიკის ხელისუფლება არავის აპატიებს. შესაძლოა, ამერიკის ქმედება არ იყოს მყისიერი, მაგრამ ადრე  თუ გვიან, ამაზე პასუხი მოეკითხება ხელისუფლებას. საქმე ის არის,მხოლოდ ხელისუფლება აგებს პასუხს თუ მთელი ქვეყანა. დაუწერელი კანონიც არის და რამდენიმე საერთაშორისო კონვენციით გამყარებულიც. ელჩი არის ხელშუხებელი, არ შეიძლება მისი თვალთვალი და  მოსმენა. თუ ელჩთან გაქვს პრეტენზიები, უკიდურეს შემთხვევაში, კონკრეტულ ქვეყანას შეიძლება მისი გაწვევა მოსთხოვო. ოღონდ, უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთო, რომ ელჩი შენი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს. უმთავრეს შემხვევაში, ეს მტკიცებულებები მეორე მხარის  საგარეო საქმეთა მინისტრს დახურული არხებით გადაეცემა. კი, შესაძლოა კონკრეტული ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს უთვალთვალო, თუ ეჭვი გაქვს, რომ   ჯაშუშია, შენი ქვეყნის საზიანო საქმიანობას ეწევა და მტკიცებულებებს როდესაც მოიპოვებ, გააძევო ქვეყნიდან. შესაძლოა, საელჩოს თანამშრომლები, ფაქტიურად,  უმიზეზოდაც გააძევო – სხვა ქვეყანასთან პოლიტიკური დაპირისპირების გამო, მაგრამ ელჩს  ამ შემთხვევაში არ ეხებიან. ელჩს უთვალთვალებენ იმ შემთხვევაში, თუ  მტრულად განწყობილი ქვეყნის ელჩია. ამერიკა კი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. კელი დეგნანის თვალვალის  ამბავის გახმაურებას არ ელოდა ხელისუფლება, მიხვდნენ, რომ  მაგარ შარში გაეხვნენ…  ვინმე იტყვის,  თვალთვალი რა ბედენაა, როდესაც  პოლიტიკოსების და დოპლომატების ყველაზე მასშტაბური მოსმენები ამერიკამ განახორციელა. კი, „ვიკილიქსის“ მასალების გასაჯაროების შემდეგ მრავალი ასეთი ფაქტი დადასტურდა,  მაგრამ მერე რა მოგყვა ამას, ისიც გავიხსენოთ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა  გერმანიიდან დაიწყო, როგორც ამერიკელმა ჟურნალისტებმა შეარქვეს „საბოდიშო ტურნე“ და   ლამის მთელი ევროპა  შემოიარა.  სადაც ჩავიდა, ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ბიდიშს უხდიდა, რომ მათ უსმენდნენ ამერიკის სპეცსამსახურები. კლინტონი  ავსტრალიაშიც კი იყო ჩასული. ის მარტო ვერ აუვიდა ამ საქმეს და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეაშველეს – რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ის ჩავიდა ბიდიშის მოსახდელად. ჩვენი ხელისუფლებისგან  ბოდიში  კი არა,  ჩამიჩუმი არ ისმის. აქვე იმასაც გავიხსენებ, რომ იმავე კელი დეგნანს, ევროკავშირის ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს და ევროკავშირის საელჩოს თანამშრომლებს სუს-იც უსმენდა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მედიამ გამოაქვეყნა, ცნობილ სუს-ის „კრებსებზე“ მოგახსენებთ.  კარლ ჰარცელმაც და ევროკავშირის საელჩოს იმ თანამშრომლებმაც,  რომელთა სატელეფონო საუბრების შინარსიც გასაჯაროვდა, დაადასტურეს,  რომ მათ იმ პირებთან ზუსტად  იმ შინარსის საუბარი ჰქონდათ, რაც გასაჯაროვდა. თუმცა, მათთვის ამერიკის ხელისუფლების მსგავსად ბოდიში არავის  მოუხდია. ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, რუსეთის უკანალით, დიდ პოლიტიკაში „ძველი ბიჭებივით“ იქცევიან და მალე კისერს წაიტეხენ. ძველი  ბიჭობა დიდ პოლიტიკაში მხოლოდ დიდ და გავლენიან სახელმწიფოს ლიდერებს გასვლიათ და ამას დიდი სახელმწიფოს ზურგს ამოფარებულ, 3.5  მილიონიან საქართველოს არავინ აპატიებს.

კელი დეგნანის თვალთვალის ფაქტის მედიით გახმაურებას დიდი არეულობა მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“. უფრო კონკრეტულად, ამ ფაქტს დიდი დაპირისპირება მოჰყოლია ბიძინა ივანიშვილსა და სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილს შორის. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ინფორმაციები, „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით  არ ვამხელთ.

„ცხადია, კელი დეგნანს სუს-ი ბიძინა ივანიშვილის დავალებით  უთვალთვალებდა.  ლილუაშვილი უშუალოდ აკონტროლებდა ივანიშვილის ამ დავალებას. რაც გამოვიდა, თავად ნახეთ. ივანიშვილმა ურეკში დაიბარა ლილუაშვილი და მძიმე საუბარი ჰქონდათ. დიდი ხანია, მის შეცვლას აპირებს ივანიშვილი, მაგრამ ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო დღემდე შემორჩა პოსტს. ივანიშვილის გარემოცვაში საუბრობენ, რომ მან ლილუაშვილს უთხრა, ჩემი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა ხარ და ჩემოდანი ჩაალაგე, მალე შენს ადგილს სხვა დაიკავებსო. ივანიშვილი იმითაც ყოფილა გაბრაზებული, რომ უკვე თვეებია, კვირა არ გავა, კრიტიკულმა ტელევიზიებმა არ ამხილონ სუს-ის აგენტები, არ გაასაჯაროონ სუს-იდან გატანილი ფაილების შინაარსი. ივანიშვილს ეჭვი აქვს, რომ სუს-ის რამდენიმე თანამშრომელი ჰყიდის ინფორმაციას, რომელთაც ამ საიდუმლო მასალებზე აქვთ წვდომა. ამ ეტაპისთვის სუს-ის შიდა მოკვლევის სამსახური, ე.წ. გენინსპექცია ორი მაღალი თანამდებობის პირის საქმეს, ქმედებებს, მათ საბანკო ანგარიშებს  სწავლობს. ამოღებულია მათი სამსახურებრივი და კერძო  კომპიუტერები, ტელეფონები. ისინი დაიკითხნენ კიდეც და გამორიცხული არ არის, მათ წინააღმდეგ  გამოძიებაც დაიწყოს. ივანიშვილს არ სჯერა, რომ საიდუმლო მასალები მხოლოდ სოსო გოგაშვილმა გაიტანა სუს-იდან. ვნახოთ, გამოავლენს თუ არა ლილუაშვილი  „ვირთხას“ თავის უწყებაში. თუ ეს მოახერხა, მცირე ხნით გაიხანგრძლივებს პოსტზე ყოფნას, სხვას ვერაფერს შესცვლის.

გრიგოლ ლილუაშვილს მძიმე მდგომარება აქვს სამსახურში, საკუთარ თანამშრომლებთან. სუს-ის აგენტების ასეთი მასობრივი საჯარო მხილება არასდროს ყოფილა საქარველოში. 1992-95 წლებშიც კი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები, ფაქტიურად, არ არსებობდა, მაშინდელი უშიშროების სამინისტრო ახერხებდა აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვას. არც ამის ნახევარი ინფორმაცია ჟონავდა მაშინ უშიშროებიდან, „კრებსებზე“ ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ერთი არ ჩავარდნიათ ხელში ჟურნალისტებს. სუს-ის თანამშრომლები ლილუაშვილის გადადგომას მოითხოვენ. ახლა, ეგ ხალხი  მიტინგს არ გამართავს  მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ ვისაც გავლენა აქვს, ყველა იმ თანამშრომელმა განაცხადა, რომ ლილუაშვილმა უსაფრთხოების სამსახური ჩამოშალა და  ამის გამო, სუს-იდან უნდა წავიდეს. ამას ეს ხალხი იმ პერსონებთან ლაპარაკობს, რომლებიც ლილუაშვილს აუცილებლად მიუტანენ ამბავს. საქმე მართლა ძალიან რთულად არის. მგონი, გაუშიფრავი აგენტი არ დატოვეს ჟურნლისტებმა. არადა, მათი ვინაობა საუდუმლო იყო. გაშიფრეს ის საუდუმლო აგენტებიც, რომლებიც სუს-ში რომ მუშაობდნენ, მათმა ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ, მათ ხელფასებს და სხვა სახის ანაზღაურებას, როგორც წესი, სუს-ის საფარქვეშ მყოფი ბიზნეს-კომპანიები უხდიდნენ. ეს ხალხი ოჯახის წევრებს, ნაცნობ-მეგობრებს არქიტექტორები, პროგრამისტები და ბიზნეს-კომპანიების ფინანსური მენეჯერები ეგონათ და ხელში სუს-ის ფარული აგენტები შერჩათ. რა უნდა უთხრან ამ ადამიანებმა თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს?  გარდა მაგისა, ნებისმიერი აგენტი ფარულად მუშაობს, ხშირ შემთხვევაში, ყალბი პირადობის მოწმობით, შეცვლილი ვინაობით. ამ ხალხს სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმეებიც აქვს გაკეთებული და წინა და დღევანდელი ხელისუფლებების პერიოდში, არაერთი უკანონო დავალება აქვთ შესრულებული. ბევრი ადამიანი ჰყავთ გამწარებული იმ შეცვლილი გვარ-სახელებით. ახლა მათი ვინაობა გამოაშკარავდა და ეს ადამიანები შურისძიების საფრთხის წინაშე დგანან, მათი ვინაობა გაირკვა. არა მარტო ისინი, მათი ოჯახის წევრებიც დიდი საფრთხის წინაშე დგანან. დავუშვათ, საიდუმლო აგენტს რეჟიმისთვის მიუღებელი  პიროვნების მოშორება დაავალეს. აგენტი მას სხვა პროფესიის ადამიანად გაეცნო, სხვა გვარ-სახელით. დაუახლოვდა და მერე  ფარულად მანქანაში ნარკოტიკი ჩაუდო. ეს კაცი  პოლიციამ  დაიჭირა,  აგენტი აორთქლდა. ვისაც ჩაუდეს, მან არ იცის, ვინ ჩაუდო, მაგრამ ახლა  ტელევიზორში რომ ნახა პეტრე, რომელიც ადრე  პავლედ გაეცნო და მისი დაჭერვისთანავე გაქრა მისი ცხოვრებიდან, ერთი  წამითაც არ შეპარება ეჭვი, რომ ნარკოტიკი პავლემ  ჩაუდო. შეძენილი მტერი სახეზეა, როგორი ჭკუით  გამოვა ციხიდან საიდუმლო აგენტისგან  გაუბედურებული, უკანონოდ დასჯილი  ადამიანი, კაცმა არ იცის. აქვე, მისი გარეთ დარჩენილი ოჯახის უბედურებაც ვთქვათ. ეს ყველაზე მსუბუქი დანაშული მოვიყვანე მაგალითად, უარესები აქვთ გაკეთებული, ბევრი ჰყავთ გაუბედურებული. ამ ბინძური აგენტების ქმედებს არ ვამართლებ, ისინი ციხეში უნდა ისხნენ, ბევრი ცუდი აქვთ გაკეთებული, მაგრამ  პირადი შურისძიებების ფაქტები იქნება. არც ის გამოვრიცხოთ, რომ აგენტების  ოჯახის წევრები შეეწირნონ ამგვარ შურისძიებას. სად არის გარანტია, რომ უკვე გაშიფრული აგენტებისგან გამწარებულმა ადამიანმა, რომელიმე აგენტი ქუჩაში საკუთარ ავტომობილში არ ჩაცხრილოს, სადაც მისი შვილებიც  იქნებიან და ყველას ერთიანად არ ამოხოცავს? ცხადია, ასეთი გარანტია არ არსებობს. მე ბინძური აგენტების მხილების, მათი ვინაობის გასაჯაროების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამით გამოწვეული შედეგებისა მეშინია.

გრიგოლ ლილუაშვილმა ჩამოშალა ქვეყნის  უსაფრთხოების მთავარი სამსახური. მეტიც, სუს-იც და მისი აგენტებიც  სამასახარაო გახადა. სუს-ში აგენტები  ხუმრობენ, პოლიტიკოსებზე, ფეხბურთელებსა და მსახიობებზე პოპულარულები გავხდით და ჩვენგან ინტერვიუებს რატომ არ იღებენ ჟურნალისტები და გადაცემებში რატომ არ გვიწვევნო?  ქვეყანამ გაგვიცნო და რა პრობლემაა, ინტერვიუებსაც მივცემთ, რომ უკეთ გაგვიცნონო.რაც ქვეყანაა, ისეთი უსაფრთხოების სამსახურიც გვყავს“-განუცხადა „ალიას“  წყარომ.
ALIA.GE

მსგავსი სიახლეები