ღარიბაშვილის გეზი – „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“ თუ „პოპულიზმი“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლისთავზე, მოსახლოებას მწვავე პრობლემების, – უმუშევრობის, მედიკამენტების მაღალი ფასების, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების, – გადაჭრასა და საქართველოს „აღმასავლეთის ლუქსემბურგად ქცევას“ ჰპირდება.

ანალიტიკოსების ნაწილის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ეს დაპირებები შესაძლოა იყოს მედიაში არასასურველი გაშუქების გადაფარვისა და შიდა კრიზისებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.

თუმცა პოლიტიკის კომენტატორები შიშობენ, რომ ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა, – 5 ივლისის ძალადობრივ დემონსტრაციაზე არასათანადო რეაგირების, გაკეთებული განცხადებებისა თუ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული გადაწყვეტილებების ფონზე, –  აღმოსავლეთევროპელი ლიდერების მსგავსი პოლიტიკისკენ გადახრაზე მიუთითებს.

უმუშევრობა, მედიკამენტების ფასები, ლუდომანია

ბოლო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილისგან საზოგადოებამ მოისმინა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც შეეხებოდასაზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებას:

  • ონლაინ-კაზინოების შეზღუდვა: პირველ ეტაპზე მათთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და მინიმალური ასაკის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი, სრულად აკრძალვა;
  • წამლების ფასის დარეგულირება, რათა მოსახლოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მედიკამენტები;
  • სამუშაო ადგილები სოციალურად დაუცველ შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის – დაახლოებით 300 000 ადამიანისთვის.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „ნარკომანიის“ პრობლემას, უწოდა მას „ახალგაზრდობის სენი“, განაცხადა, რომ ქვეყანაში „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“ მოქმედებს და ამის შეცვლის პირობა დადო, მათ შორის, სააფთიაქო ნარკომანიის შეზღუდვის გზით.

„პრობლემებისგან თავის არიდება“

პოლიტიკის კომენტატორების ნაწილს მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ეს დაპირებები ნაწილობრივ ემსახურება მისთვის არასასურველი საინფორმაციო გაშუქების გადაფარვას:

„არ არის გამორიცხული, რომ ეს გარკვეულწილად იყოს ბოლო პერიოდში ცუდი საინფორმაციო გაშუქების გადაფარვის მცდელობა. ვგულისხმობ გავრცელებულ კადრებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიული ბანკის კონტექსტში არცთუ დადებითად ახსენა. შეიძლება, პრემიერ-მინისტრს არ სურს, რომ ამ კონტექსტში იყოს მოხსენიებული“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) ხელმძღვანელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო ადგილებზე, „ნარკომანიასა“ და აზარტული თამაშების აკრძალვაზე ორშაბათს, 22 ნოემბერს ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. ამას კი 2 დღით ადრე, 20 ნოემბერს, წინ უძღოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 18-19 ნოემბრით დათარიღებული ჩანაწერის გამოქვეყნება.

ჩანაწერში ჩანს და ისმის, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ დავის ფარგლებში დისტანციურად აძლევს ჩვენებას ჭორვილადან, ამბობს:

„ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი… ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული ამის განათლება და, მით უმეტეს, არც ფინანსური… რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას, რის ფონზეც საზოგადოებამ სხვადასხვა დაპირება მოისმინა მმართველი პარტიისგან:

„ბოლო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ ჩაატარა. ისინი ხვდებიან, რომ საზოგადოებრივი განწყობები საკმაოდ შეცვლილია. ჩვენ არ ვიცით, როდის შეიძლება საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ამის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა ჯერ კიდევ არის პოლიტიკურ კრიზისში.

აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის, – რომელიც მათ მხარს უჭერს, – მხარდაჭერა არ დაკარგონ. ასევე, ისინი ცდილობენ, ინიციატივა არ გადავიდეს ოპოზიციის ხელში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ამბების გამო საზოგადოებრივი აზრი საკმაოდ შეიცვალა, არა „ოცნების“ სასარგებლოდ“, – გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

თუმცა აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: რატომ არ შეიძლება, ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებები რეალური იყოს? რატომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ ნდობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ ამ დაპირებებს შეასრულებს?

ამ კითხვებზე პასუხისთვის პარტიის პოლიტიკისთვის თვალის გადავლება მოგვიწევს – რა ნაბიჯები აქვს მას გადადგმული ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით.

აზარტული თამაშები – გამოუყენებელი შანსები

მთავრობის ინიციატივა თამაშის შეზღუდვაზე ეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს (სადაც ძირითადად სლოტებს თამაშობენ) და არ ეხება “სპორტულ ბეთებს”, იმავე ტოტალიზატორებს, ასევე, ფიზიკურ სივრცეში არსებულ სათამაშო დაწესებულებებს.

მართალია, რეკლამის ნაწილში აკრძალვა ყველა (ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში) სათამაშო ბიზნესს ეხება, თუმცა რეკლამის აკრძალვა არ შეეხება სპონსორობას: სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის კვლავ დასაშვები იქნება სპორტული კლუბებთან სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

ფინანსთა სამინისტროს ხედვით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება: „ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70 პროცენტით“. ჯერჯერობით უცნობია, რა მექანიზმით/მოდელით მოხდება ამ სფეროს დაბეგვრა.

სლოტები slotebi

აზარტული თამაშები

ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის არიან სახელმწიფო დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები. ასევე, შეიქმნება „შავი სია“, რომელშიც აღნიშნულ 2 კატეგორიასთან ერთად მოხვდებიან პირები, რომლებიც ან თავად მოითხოვენ შავ სიაში შეყვანას, ან ოჯახის წევრების მიმართვის საფუძველზე სასამართლო შეიყვანს. ჯამში, პრემიერის თანახმად, ერთ მილიონ მოქალაქეს შეეზღუდება ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართვა.

„ქართულ ოცნებას“, რომელიც უკვე მე-9 წელია, ხელისუფლებაშია, სულ მცირე, სამჯერ – 20172018 და 2019 წლებში, – ჰქონდა შესაძლებლობა, პირველადი ნაბიჯები გადაედგა სათამაშო ბიზნესის, მათ შორის ონლაინკაზინოების, შეზღუდვის მიმართულებით. თუმცა მმართველ გუნდს ეს ნაბიჯები არ გადაუდგამს.

2017 წელს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოქალაქეებისთვის „დამოკიდებულ პირთა სია“ იქმნებოდა და 3 წლით უკრძალავდა მათ თამაშს, თუმცა ეს კანონი, – რომელსაც, თავის მხრივ, აკრიტიკებდნენ, – არ მიღებულა.

2018 წელს მმართველი გუნდის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლითაც აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდებოდა (და მთლიანად არ იკრძალებოდა), თუმცა არც მას მისცემია კანონის სახე.

ბოლოს, 2019 წელს, პარლამენტმა ჩააგდო დამოუკიდებელი დეპუტატის, „ოცნებიდან“ მცირე ხნით ადრე წამოსული ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტი, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა; ასევე, პროექტი ითვალისწინებდა „შავი სიის“ შექმნას დაახლოებით იმ პრინციპით, რაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილმა აღწერა.

ხელის გამართვა კრიტიკის ფონზე

საქართველოს მთავრობა, სათამაშო ბიზნესის კრიტიკის ფონზე, არაერთხელ დახმარებია მას. მაგალითად:

  • ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, 2014 წელს, სამორინეებიის სანებართვო მოსაკრებელზე შეღავათი დაწესდა და 250 000 ლარი შეადგინა, ხოლო ახალციხეში ეს თანხა 100 000 ლარამდე შემცირდა;
  • საქართველოს მთავრობამ, კვლავ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ამჯერად უკვე 2021 წლის ივლისში, თბილისში 2021 წელს ნებართვამიღებულ სამორინეებს მოსაკრებელი – 5 მლნ ლარი – გაუნახევრა.
  • 2019 წლიდან კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლით გათავისუფლებულია სამორინეს მოწყობა გრიგოლეთსა და ფოთში ახლად აშენებულ, არანაკლებ 80-ნომრიან სასტუმროს ტერიტორიაზე.

GIP-ის წარმომადგენელი კორნელი კაკაჩია კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და შენიშნავს, რომ ღარიბაშვილის ინიციატივა, როგორც ჩანს, არ იყო შეთანხმებული შესაბამის სპეციალისტებთან:

„მაგალითად, არ არის განხილული ფსიქოლოგებთან, დარგის სპეციალისტებთან, ეკონომისტებთან. ათასობით ადამიანი დასაქმებულია ამ სფეროში. SWOT ანალიზი არ კეთდება, არ ჩანს, რომ გათვლილი იყოს, რას გამოიწვევს ცვლილებები მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არასწორია, აქ საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას კეთილგონიერი ხელისუფლება ღებულობს ექსპერტებთან, სპეციალისტებთან კონსულტაციისა და კარგად გაანალიზების შედეგად, რათა შემდეგ მოულოდნელი ეფექტები არ მიიღოს. ეს კი ხშირად არ ახასიათებს ამ ხელისუფლებას“.

მედიკამენტების ფასები

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მზარდი სამოქალაქო უკმაყოფილების ფონზე, უკვე არაერთხელ ისაუბრეს მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე და განაცხადეს, რომ მთავრობა ვალდებულია, „დროული რეაგირება“ ჰქონდეს ამ პრობლემაზე.

მედიკამენტების სიძვირეს, ლარის დევალვაციის გარდა, – რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ფასზე, – სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი აქვს, რისი მოგვარების გასაღებიც საქართველოს მთავრობას აქვს ხელში. სავარაუდო მიზეზებს შორისაა:

  • წამლის ფასის დაურეგულირებლობა;
  • არასაკმარისი ზედამხედველობა ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციულ გარიგებებზე ექიმებთან (არაეთიკურ მარკეტინგზე);
  • ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია (ანუ ბაზარზე რამდენიმე კომპანიის ურთიერთშეთანხმებული თამაში და მცირე ზომის კონკურენტების გარიყვა), რასაც ასევე მთავრობის შექმნილი საკანონმდებლო ბაზა უწყობს ხელს.

2021 წელს ღარიბაშვილმა უკვე მეოთხედ განაცხადა, რომ წამალი საქართველოში ძვირია. წამლების ფასზე მან ისაუბრა 2021 წლის აგვისტოში, ივნისსა და თებერვალში, თუმცა ამ საკითხის გადასაწყვეტად ამ დრომდე ნაბიჯი არ გადადგმულა. პრემიერის განცხადებიდან განცხადებამდე წამლების ფასი ისევ იზრდება.

[ვრცლად ამ თემაზე გირჩევთ: რატომ ძვირდება წამლები]

“სამუშაო ადგილები სოცდაუცველებისთვის”

ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა 300 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს დაპირება ამ ეტაპზე ბუნდოვანი და გაურკვეველია:

  • გაურკვეველია, როგორ და რა ვადებში წარმოუდგენია საქართველოს მთავრობას 300 000 სამუშაო ადგილის (და მეტის – თუკი მათ ერთზე მეტი საქმე შეიძლება ჰქონდეთ, როგორც პრემიერმა თქვა) შექმნა და სად; 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჯამურად, კერძო და საჯარო სექტორში 1 212 200 ადამიანი იყო დასაქმებული. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დასაქმებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც 1308,400 იყო დასაქმებული. სხვაობა ამ ორ რიცხვს შორის 96 200-ია. რაც შეეხება ბოლო მონაცემებს,  2015 წლიდან ეს მონაცემი კლებით ხასიათდება და 2020 წელს, პანდემიის პირობებში, 1 241 800-მდე მცირდება. სხვაობა 2012-ისა და 2020 წლების მონაცემებს შორის მხოლოდ 29 600-ია.
    • მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ექსპერმიერ ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ „20 წელიწადში საქართველო ვერ შექმნის დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს“ და მიაჩნია, რომ გამოსავალი მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმებაა.

[ვრცლად: „უმუშევრობის ექსპორტი“, როგორც მცდარი პოლიტიკა — ინტერვიუ]

  • ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ არხზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ დაპირებაში გულისხმობს „საზოგადოებრივ სამსახურს“ (public work-ს) და ასეთი მაგალითი მოიყვანა:

„მაგალითისთვის ავიღოთ თბილისის მერია. დღეს რომ მიაწოდოთ 10 000 მუშახელი, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს, იმიტომ, რომ იმდენია საქმე ქალაქში. ყველგან. რესურსი ისედაც გვაქვს და ისედაც იხარჯება. სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს, ხომ? მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ ადამიანი იჯდეს სახლში და არაფერი არ აკეთოს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, ეს ფული უნდა მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის“.

  • ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ დაპირებაში შეიძლება იგულისხმებოდეს „პირობიანი ფულადი დახმარება“ (Сonditional Сash Transfer).
    • ССT აპრობირებული მეთოდია სოციალური ზრუნვის სისტემებისთვის, თუმცა ფულადი გადარიცხვის პირობად ძირითადად გათვალისწინებულია კონკრეტული საზოგადოებრივი ქცევები, – შვილების ტარება სკოლაში, დროული ვაქცინაცია, კლინიკაში რეგულარული ვიზიტები ფეხმძიმე ქალებისთვის და ა.შ. უცნობია, როგორ წარმოუდგენია მთავრობას მოდელი, როდესაც თანხის ტრანსფერი სახელმწიფოს/საზოგადოების სასარგებლოდ გარკვეული სამუშაოს გაწევას ებმის. პრემიერის განცხადებით, ამ საკითხზე ხედვას მას შემდეგ დადებენ, რაც სამთავრობო დელეგაცია ევროპაში პრაქტიკის შესასწავლად გაემგზავრება.
  • საინტერესოა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე. ეს არის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის სრულყოფას და მისი ყოველი ასპექტის გათვალისწინებას და 2023 წელს უნდა გატარდეს. უცნობია, რაიმე სახით თუ (გა)ითვალისწინებს კოდექსი ღარიბაშვილის განცხადებას.

[გირჩევთ ამ თემაზე წაიკითხოთ: საქართველოს სოციალური კოდექსი – რა ვიცით რეფორმაზე]

ირაკლი ღარიბაშვილის გზა

სტატიაში აღწერილი დაპირებების ბუნდოვანების, „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა და რიტორიკის ერთმანეთისგან აცდენისა და გადაუდგმელი ნაბიჯების ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებები „პოპულიზმად“ შეიძლება შეფასდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა 2011 წლიდან დაიწყო, – მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში „პოლიტიკაში მოსვლის“ შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ღარიბაშვილი მანამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას და პოლიტიკურ გუნდშიც მასთან ერთად იყო.

2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, შემდეგ კი, – ივანიშვილის გადადგომის შედეგ, – პრემიერ-მინისტრი გახდა.

დანიშვნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, 2015 წლის დეკემბერში, ღარიბაშვილმა თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. მისი გარემოცვის კუთხით კითხვები ნეპოტიზმთან დაკავშირებით არსებობდა, რაც სავარაუდოდ, გახდა კიდეც მისი თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზი.

„თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო“, — თქვა მან გადადგომისას წარმოთქმულ იმ იშვიათ გამონაკლის სიტყვაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობა არ გადაუხდია.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

ღარიბაშვილი 2019 წელს დაბრუნდა პარტიაში, – იმ ფონზე, როდესაც გამოიკვეთა დაპირისპირება „ძველების გუნდსა“ (ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე) და ახალ ლიდერებს (ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე) შორის. მან ჯერ მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პოლიტსაბჭოს წევრის პოსტები დაიკავა, იმავე წლის სექტემბერში კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია შეცვალა.

2021 წლის თებერვალში, – გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, – ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პრემიერ-მინისტრობისას მიღებული პირველივე გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებული ნიკა მელიას სპეცოპერაციით დაკავება იყო.

“პოპულიზმი”

GIP-ის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია იხსენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ძირითადი ამომრჩეველი არის „კონსერვატიული უმრავლესობა“, შესაბამისად, ცდილობს, ისეთ საკითხებზე ისაუბროს, რომ მათზე მანიპულაცია მოახერხოს:

„ის [ირაკლი ღარიბაშვილი] შემჩნეულია, რომ ცდილობს, ისეთ საკითხებზე დასვას აქცენტი, რაზეც მოსახლეობის კონსერვატიული უმრავლესობის კონსენსუსი მეტნაკლებად არსებობს. ეს შემთხვევით არ არის: მან იცის, რომ „ქართული ოცნების“ საკმაოდ დიდი ნაწილი არის ისეთი კონსერვატიული ამომრჩეველი, რომელსაც მუსიკისავით ჩაესმის ის გზავნილები, რასაც ის აჟღერებს ხოლმე“.

ამ კონტექსტში ლოგიკურად ეწერება ღარიბაშვილის განცხადება და პოზიციები ნარკომომხმარებლებზე, ქვიარ ადამიანებსა და სავალდებულო ვაქცინაციაზე:

22 ნოემბერს, როდესაც პირველად ისაუბრა ონლაინ-კაზინოების კონტროლზე, განაცხადა, რომ „ამას უკავშირდება … ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია“.

ამავე განცხადებაში ღარიბაშილმა მოქმედ ნარკოპოლიტიკას „საკმაოდ ლიბერალური“ უწოდა, თქვა, რომ „ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერებების მოხმარებით“ და ამ მიზნით ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის გამკაცრდება დააანონსა.

ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და ღარიბაშვილის რიტორიკას „უკიდურესად პრობლემური“, „რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებული“ უწოდა: „პრემიერ-მინისტრის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

ქვიარ უფლებები

„ნარკომანიასთან“ ერთად, კიდევ ერთი საკითხი, რასაც „კონსერვატორებიც“ და „კონსერვატიულად“ შენიღბული ულტრამემარჯვენეებიც ერთ კონტექსტში განიხილავენ და ეწინააღმდეგებიან, ქვიარ ადამიანების უფლებებია. ირაკლი ღარიბაშვილს ამ მიმართულებითაც აქვს გამოცდილება:

ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ პოზიციებზე ყოფნისას საქართველოში ორი მასობრივი ძალადობრივი დემონსტრაცია ჩატარდა ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ: 2013 წლის 17 მაისსა და 2021 წლის 5 ივლისს.

2013 წლის 17 მაისის მოვლენების დროს ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სწორედ ამ დღეს მოხდა მასობრივი ძალადობა ლგბტ ადამიანებზე, – ათასობით ადამიანმა გაარღვია პოლიციის კორდონი და სცადა, თავს დასხმოდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქტივისტებს, რომლებმაც ტერიტორია ავტობუსების მეშვეობით დატოვეს. ღარიბაშვილმა იმდღევანდელი მოვლენები „პროვოკაციად“ შეაფასა და თქვა, რომ პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით არანაირ კრიტიკას არ მიიღებდა.

ფოტოზე: ნაცემი რატო წვერავა (მარცხნივ), თავდასხმის მომენტი (მარჯვნივ)/ფორმულა/ინტერპრესნიუსი

2021 წლის 5 ივლისის მოვლენებისას ღარიბაშვილი უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი ვახტანგ გომელაური იყო. ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სერიოზული კრიტიკა დაატყდა თავს, რადგან ვერ მოახერხა ვერც ძალადობრივი, ანტიქვიარული დემონსტრაციის აღკვეთა და ვერც ქვიარ ადამიანებისა და ჟურნალისტების დაცვა შეძლო ძალადობისაგან.

5 ივლისის მოვლენების შემდეგ 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად, მათ შორის რამდენიმეს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებმა სცემეს, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა (მთავრობა გარდაცვალებას ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირებას უკავშირებს).

იმ დროს, როდესაც ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეები იკრიბებოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილიმა განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება „მიზანშეუწონელია“, ხოლო მის უკან „რადიკალური ოპოზიცია“ დგას. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ღარიბაშვილმა კი ასეთი განცხადება გააკეთა:

„ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს, 90-85% არის წინააღმდეგი ასეთი დემონსტრაციული მარშების. არ არის საჭირო, ჩვენ კონსერვატიული, ტრადიციული საზოგადოება ვართ… როგორ უნდა დაიცვას 30 კაცი სახელმწიფომ, მაშინ უნდა გადაუაროს უმრავლესობას თუ რა უნდა მომხდარიყო, ვერ გავიგე“…

მართალია, 5 ივლისის მოვლენების გამო მომიტინგეთა ნაწილი დაკავებულია, თუმცა ძალადობის ორგანიზატორები გამოძიებას ჯერ კვლავ არ გამოუვლენია.

პოლონეთის მაგალითი

2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, პოლონელმა კომენტატორმა, კავკასიის საკითხებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media-ს დამფუძნებელმა, დომინიკ ცაგარამ საავტორო სვეტში საქართველოს მთავრობის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით ასეთი კითხვა დასვა: „გაჰყვება საქართველო პოლონეთს გლობალურ ულტრამემარჯვენე რევოლუციაში“?

სტატიაში იგი საუბრობს საქართველოსა და პოლონეთის მთავრობების მზარდ მსგავსებაზე – ავტორი წერს, რომ პოლონეთის კონსერვატიული მთავრობა, ფაქტობრივად, მონდომებულია, რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გასაძლიერებლად იმუშაოს. ამ პრიორიტეტებს იგი ასე აღწერს:

„ევროკავშირის შიგნიდან შესუსტება, დასავლეთის უსაფრთხოების სტრუქტურების გახრწნა, კანონის უზენაესობის პრინციპისთვის ძირის გამოთხრა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იდეის უარყოფა „სუვერენიტეტისა“ და „ოჯახური ფასეულობების“ დაცვის საფარქვეშ, მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და უნივერსალური ჭეშმარიტების გაქრობა და სოციალური პოლარიზაციის გაღრმავებით შიდა არასტაბილურობის შექმნა“.

დომინიკ ცაგარა მიუთითებს, რომ პოლონეთში „კანონისა და სამართლიანობის პარტია“, -მმართველი გუნდი, – არჩევნებში გამარჯვებას კეთილდღეობის პოლიტიკისა და ულტრაკონსერვატიზმის ნაზავით აღწევს ხოლმე და საქართველოს აფრთხილებს, – „როგორც კი გამოჩნდება ქარიზმატული ლიდერი, რომელიც საბაზისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვის პირობით გამოვა“, ქვეყანა იმ რისკის წინაშე აღმოჩნდება, რომლის წინაშეც ახლა პოლონეთია.

ანჯეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი

ვაქცინაცია

ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობას, სოციალურ უსაფრთხოებაზე ახალი დაპირებების, ქვიარ-უფლებებსა და „ნარკომანიაზე“ პოზიციების გარდა, პოლონეთის მემარჯვენე მთავრობასთან კიდევ ერთი მსგავსება აქვს, რაც ვაქცინაციას უკავშირდება.

კორონავირუსული პანდემიის გავრცელების ფონზე, 2020 წლის საარჩევნო კამპანია პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სავალდებულო ვაქცინაციის და, ზოგადად, ვაქცინაციის წინააღმდეგ განცხადებებით აწარმოა – ის ხშირად აცხადებდა, რომ მისი მთავრობა არასოდეს დაავალდებულებს მოქალაქეებს, კოვიდის წინააღმდეგ აიცრან.

ბოლო პერიოდში, „ნარკომანიასა“ და ლგბტ უფლებებზე დამოკიდებულებებთან ერთად, მსგავსი დამოკიდებულება უჩვენა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.

იმ ფონზე, როდესაც საქართველო „ლიდერობს“ მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის დინამიკით, ხოლო 30 ნოემბრის მონაცემებით, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%, ერთჯერადად კი- 40.7%, საქართველომ მიიღო მწვანე პასპორტების კონცეფცია, რომელსაც სპეციალისტები რბილად აფასებენ. მთავრობის დამტკიცებული „მწვანე პასპორტები“ „მწვანე“ სტატუსს ანიჭებს პირებს იმის მიუხედავად, თუ როდის გადაიტანეს კორონავირუსული დაავადება. ექიმების აზრით, ამ მიდგომას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან და არ მოქმედებს არცერთ ქვეყანაში. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა დარგის სპეციალისტების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია, კოვიდგადატანილის “მწვანე სტატუსი” გარკვეული პერიოდით (6 თვე) შემოიფარგლოს.

პოლიტიკის კომენტატორი კორნელი კაკაჩია „ნეტგაზეთთან“ საუბარში კვლავ ამბობს, რომ „ღარიბაშვილი ცდილობს, „ითამაშოს“ კონსერვატიული, ტრადიციული ფასეულობების მქონე ამომრჩევლის განწყობებზე“, რის შემდეგაც არსებულ რეალობას ვიღებთ:

„აქედან გამომდინარეობს ის, რასაც ვხედავთ. გამართულად მომუშავე საზოგადოებაში პრემიერ-მინისტრი არ უნდა აკეთებდეს განცხადებას, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, როდესაც ქვეყნის შიგნით ასეთი მძიმე ვითარება გვაქვს და თან ვხედავთ, რომ მსოფლიოში ბევრ გაბედულ ნაბიჯს დგამენ მთავრობები, რადგან ენდობიან მეცნიერებს და არ ხელმძღვანელობენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე“.

„სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოში გვყავს პოლიტიკოსები, მაგრამ არ გვყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურები (Statesmen), რომლებიც სტრატეგიულად შეხედავდნენ ამ ყველაფერს, მეცნიერებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს და მათი მიზანი მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლისა და უმრავლესობის კეთილგანწყობა შენარჩუნება არ იქნებოდა“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები