მოსკოვი ფარულად უჭერდა მხარს ცხინვალსა და სოხუმში სეპარატისტულ ეკლესიებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში რელიგიის თავისუფლებას ეხება და მოიცავს 2021 წელს, ნათქვამია, რომ რუსეთის საპატრიარქო ფარულად უჭერდა მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტული ეკლესიების „ავტოკეფალიურ მისწრაფებებს“.

„წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს, მათი ავტოკეფალიის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის აღიარების გარეშე“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ციტირებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშს და იმეორებს, რომ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მორწმუნეები დისკრიმინაციას განიცდიან, ხოლო საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში თბილისის საპატრიარქოს მხოლოდ ხუთი სასულიერო პირი და ერთი მოქმედი ეკლესია წარმოადგენს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია – საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე – რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

ცხინვალის რეგიონში მოქმედებს ალანიის ეპარქია, იგივე „ალანიის სახელმწიფოს მართლმადიდებლური ეკლესია“, რომელიც ამ ფორმით 2017 წელს დაარსდა, თუმცა მისი დამაარსებლები მანამდეც მოქმედებდნენ რეგიონში. ეკლესიის მიზანს ავტოკეფალია წარმოადგენს, თუმცა მისი წევრები დაპირისპირებულნი არიან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ცხინვალში აღავლენენ წირვა-ლოცვას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ჩანაწერებზე, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადდა, რომელიც შეიცავს, მათ შორის, რელიგიური ლიდერებისა და მათთან დაახლოებული პირების თვალთვალისა და მიყურადღების შესახებ ინფორმაციას.

ანგარიში მოიცავს სხვა ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა სახელმწიფოს დამოკიდებულება და პრაქტიკა რელიგიისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ, საზოგადოებრივი აღქმები, სხვადასხვა ორგანიზაციების ადვოკატირების კამპანიები და სხვ.

მსგავსი სიახლეები