რუსებს და არაბებს საქართველოში ტურისტული ბიზნესი „ხელში აქვთ ჩაგდებული“ – კომპანიები

ტურიზმის აღდგენამ დღის წესრიგში დააბრუნა სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, მათ შორის, ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდნენ უცხოელები, რომლებიც ტურისტულ ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ. როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ბიზნესი ჩრდილოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირები გადასახადებს არ იხდიან.

ტურისტული კომპანია BB Travel-ის ხელმძღვანელი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ტურისტულ ბაზარზე უცხოელები განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მომრავლდნენ. „ძირითადად საუბარია რუსებზე“ – ამბობს ალექსანდრე გიორგიძე.

„უმეტესობა არიან ე.წ ფრილანსერები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ახორციელებენ ტურებს, უმეტესობა შეიძლება დარეგისტრირებული არ იყოს მცირე, ინდივიდუალურ მეწარმედაც კი. განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბევრი კომპანია გადმობაზირდა საქართველოში და აქედან დაიწყო ოპერირება. ტურიზმი ისეთი სფეროა, რომ შეგიძლია დისტანციურად დაგეგმო და გაყიდო ტური მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ტურიზმში, ისინი უნდა იყვნენ დარეგისტრირებული იურიდიულ ან ინდივიდუალურ მეწარმედ.

ეს არის პრობლემა, მაგრამ ამას ისე არ უნდა შევხედოთ, რომ უნდა ავკრძალოთ. თავისუფალი ბაზრის კარგი მხარეა ის, რომ კონკურენციაა და ჩვენც ვიზრდებით, მაგრამ მეორე მხრივ ეს უნდა იყოს ზღვრების ფარგლებში. უცხოური კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სერვისს , როცა ნამყოფიც არ არის საქართველოში.

პრობლემა იმდენად გამძაფრდა, რომ ამ ადამიანებმა დაიწყეს არამარტო მომსახურება თავიანთი ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის, არამედ მათ ასევე დაიწყეს გამყვანი ტურების კეთება. აქ ძირითადად საუბარია რუსებზე.

ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ეს პრობლემა რეალურად დგას. ტურიზმის კანონი ამას მხოლოდ იურიდიულ ჩარჩოში მოაქცევს, მაგრამ თვისობრივად ვთვლი, რომ ეს პრობლემა არ გადაიჭრება ასე მარტივად“,-აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.

ტურიზმის სექტორში უცხოელების გამოჩენა პრობლემას უქმნის სარესტორნო სერვისის მიმწოდებლებსაც. როგორც “ღვინის ეზო N1”-ის დამფუძნებელი თიკა დუღაშვილი ამბობს, ტურისტული სერვისი სრულად ჩაგდებული აქვთ ხელში უცხოელებს და ბაზარზე ქართველების ადგილი აღარ რჩება.

მე წარმოვადგენ სერვისს და არ უნდა იყოს პრობლემა, რომელი კომპანია დამიჯავშნის, ქართული თუ უცხოური, მაგრამ მეორე მხრივ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იციან სად მოდიან, რა მომსახურება დახვდებათ, არ იცნობენ ქვეყანას, ნამყოფი არ არიან და ასეთი ადამიანები მიკვეთავენ ტურს. შემდეგ ისე ხდება, რომ აუქმებენ მოულოდნელად ვიზიტს, არასტაბილურები არიან და არამდგრადები. რასაკვირველია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მყავდეს სერიოზული პარტნიორი, ქართველი შუამავალი, მათ შორის რომელთანაც ყველაფერი მექნება გაწერილი, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩემს ობიექტს ეწვევა სტუმარი.

მე, როგორც მოქალაქე ამას ძალიან განვიცდი. ამას ემატება ისიც, რომ საერთოდ ხელში აქვთ ჩაგდებული უცხოელებს ეს მომსახურება, თვითონ გეგმავენ ტურებს. ესენი არ არიან მხოლოდ რუსები, ესენი არიან არაბები, პოლონელები. გაუგებარია, ვინ ატარებს ტურს, რა კომპანიაა, არ იხდიან გადასახადებს, ხარისხი არ აინტერესებთ…

ეს პრობლემა არ არის ახალი. სრულიად დაიპყრეს ბაზარი უცხოურმა კომპანიებმა, მე ვფიქრობ, ქართველების ადგილი აღარ დარჩება ამ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც შევცვალოთ და კანონმა დაარეგულიროს ეს საკითხი“,-აცხადებს თიკა დუღაშვილი.

უცხოელების მიერ საქართველოში ტურისტული ბიზნესის წარმოება პრობლემას უქმნის გიდებსაც. ამის შესახებ bm.ge-სთან რამდენიმე თვის წინ საქართველოს გიდების ასოციაციის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ისაუბრა.

„ძალიან ბევრი საქართველოს არამოქალაქე ჩამოდის საქართველოში და იწყებს ტურისტულ საქმიანობას. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებას უქმნის გიდებს. ისინი რეალურად ართმევენ მათ პოტენციურ სამსახურს. ამის ერთ-ერთი გამოსწორების მექანიზმი იქნება ახალი კანონი ტურიზმის შესახებ. როდესაც შენ არ გექნება კვალიფიკაცია, არ გექნება შესაძლებლობა მიაწოდო მომხმარებელს ის სერვისი, მაგალითად როგორიც არის კონკრეტულ ობიექტზე ტურის ჩატარება, ეს მამოტივირებელი იქნება ტურისტისთვის, რომ აიყვანოს მხოლოდ სერთიფიცირებული გიდი“,-აცხადებს ირინა ივანიძე.

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო იქნება. რეგისტრაციის ვალდებულება შეეხება როგორც ტუროპერატორებს, ისე ტურაგენტებს, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების მონაწილეებს, განთავსების, დროის განაწილების, ტურისტული გიდის და მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების განმახორციელებელ სუბიექტებს. კანონპროექტის არსებული ვერსია ბაზარზე უცხოელებისთვის ტურისტული საქმიანობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

წყარო –  bm.ge

მსგავსი სიახლეები