რუსეთს ქვეყნის სიღრმეში საჰაერო საფრთხეებთან გამკლავება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 29 დეკემბრის ანგარიში რუსეთის საჰაერო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმასა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის გამოწვევებს მიმოიხილავს.

26 დეკემბერს, დილის საათებში თავდასხმა განხორციელდა „ენგელსის“ საჰაერო ბაზაზე რუსეთში. ბაზა საპორტო ქალაქ ენგელსში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 800 კილომეტრში, მდინარე ვოლგაზე მდებარეობს. ეს არის ბოლო სამ კვირაში განხორციელებული მეორე თავდასხმა ქალაქზე, სადაც განთავსებულია „ენგელს-2“ სამხედრო აეროდრომი, სტრატეგიული ბომბდამშენების საჰაერო ბაზა.

რუსული მედია იტყობინება, რომ ობიექტზე – რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის ერთ-ერთ მთავარ სამოქმედო ბაზაზე, შეტევა დრონებმა განახორციელეს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მართალია, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხმელეთზე ბაზირებული მოწინავე საჰაერო თავდაცვის შენარჩუნება, მაგრამ ცხადი ხდება, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს თავისი ქვეყნის სიღრმეში საჰაერო საფრთხეებთან გამკლავება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური, რუსეთის სავარაუდო მთავარ გამოწვევად, თავისი ფლოტის თანამედროვე, საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე არსებულ მაღალ მოთხოვნას ასახელებს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მსგავსი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგალითად, როგორიცაა SA-22 Pantsir, როგორც წესი, მთავარ როლს შეასრულებს უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, უზრუნველყოფენ როგორც კონკრეტული, მაგალითად, ისეთი სტრატეგიული ობიექტების დაცვას, როგორიც „ენგელსია“, ასევე უკრაინაში ფრონტის ხაზთან ახლოს საველე შტაბების დაცვას და  მათზე ახლა დიდი მოთხოვნაა.

26 დეკემბერს რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აღნიშნულ სამხედრო ბაზასთან უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რასაც სამი რუსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერჯერობით არცერთ დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიას არ დაუდასტურებია დრონის ჩამოგდება. შესაბამისად, გაურკვეველია მიაღწია თუ არა მან თავის საბრძოლო მიზანს.

რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, ზარალი არ მისდგომია სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ არეალს.

26 დეკემბერს, კომენტარებში უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აიღო დრონთან დაკავშირებით, მაგრამ თქვა, რომ თავდასხმა იყო „შედეგი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს“.

„თუ რუსები ფიქრობდნენ, რომ ომი არ მოახდენდა გავლენას არავისზე (რუსეთის) შორეულ ზურგში ან სხვაგან, ისინი ღრმად ცდებოდნენ. ამიტომ, როგორც ვხედავთ, მსგავსი რამეები სულ უფრო ხშირად ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“ю

netgazeti.ge

 

მსგავსი სიახლეები