2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, შემცირდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლის მიღწევაც დაგეგმილია მიმდინარე წელს.

„2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვაქვს მშპ-ს 4,4 პროცენტის დონეზე, თუმცა ვფიქრობთ, არსებული პროგნოზების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მისი შემცირება 4,1 პროცენტამდე. ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოცდება მშპ-ს 48 პროცენტს. მნიშვნელოვანი პარამეტრია მთავრობის დანაზოგების მოცულობაც. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე მშპ-ს 5 პროცენტის ფარგლებში იყო. პანდემიის გავლენით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, ხოლო 2021 წელს 1 პროცენტზე ნაკლები შეადგინა. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, 2022 წელს მთავრობის დანაზოგების დონე დაუახლოვდება პანდემიამდელ ნიშნულს და 4 პროცენტს გადააჭარბებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის დანაზოგების ზრდა მაღალი მოცულობის კაპიტალური ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები 5,9 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 8,7 პროცენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები