„დავიწყე სიარული რეგიონებში, რათა პირადად გავეცნო პროგრესს“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ გასულ წელს საარჩევნო კამპანიის დროს ყველა მუნიციპალიტეტის მოიარა და მოსახლეობას ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას დაჰპირდა.
“ამიტომ, მე დღეს დავიწყე სიარული რეგიონებში, რომ პირადად გავეცნო პროგრესს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, როგორ ხორციელდება პროექტები, ვხვდები მოსახლეობას, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განვითარების ტემპების აჩქარება, მომატება მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ვიზიტი აჭარაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქობულეთში ახალი ბულვარის მშენებლობა პირველ ეტაპზე დაახლოებით 1-კილომეტრიანი იქნება, შემდგომში კი ის ბობოყვათამდე ჩავა.
„კეთილმოეწყობა ეს არეალი და ვფიქრობ, იქნება ახალი მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით. ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამას გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომელიც უკავშირდება ურბანული განახლების პროექტებს და ეს პროექტებიც მაქსიმალურად დაჩქარდება, ვინაიდან ამინდმა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელების ტემპს ხელი შეუშალა“, – განაცხადა პრემიერმა.