შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა – ირკვევა, რომ ათი ათასობით პოლიციელის კონტროლი ბიძინა ივანიშვილის პირად მცველს ჩააბარეს. როგორც “შაბათის ეთერს” უწყების თანამშრომლები პირად საუბრებში უყვებიან, სამინისტროში ელიან, რომ ბახუაშვილი იქნება შემდეგი მინისტრიც და სულხან თამაზაშვილს სწორედ ის შეცვლის.
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედი უფროსისთვის, ეს ისტორია უცხო არ არის. ანზორ ჩუბინიძეც ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი იყო და ახლა სამთავრობო დაცვა აბარია. იგივე გზა გაიარა ვახტანგ გომელაურმაც – პირადი მცველობიდან შინაგან საქმეთა მინისტრობამდე. ახლა ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ახალი კადრი გამოდის: ვიდრე ათი ათასობით პოლიციელის, მესაზღვრის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს სხვა დანაყოფებში მომუშავე ადამიანების კონტროლს ჩააბარებდნენ, მისი მოვალეობა, წლების მანძილზე ივანიშვილის დაცვა იყო.
რას ნიშნავს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტზე პირადი მცველის დანიშვნა?! – ხალხი, ვინც ძალოვან სისტემაში წლები გაატარა, ამბობს, რომ ამ პოსტზე ივანიშვილმა მისი პირადი მცველის დანიშვნით, პირად კონტროლზე აიყვანა ძალვონებში მომუშავე ყველა ადამიანი.
ვინ არის გიორგი ბახუაშვილი?! – სრულიად გასაიდუმლოებული წარსულის მქონე ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაშია რეგისტირებული. კასპის რაიონის სოფელი ქვემო ჭალა, ბახუაშვილმა წლების წინ დატოვა და თან წაიყვანა მისი მთელი ოჯახიც.
კაცი, რომელსაც ათი ათასობით ძალოვანის კონტროლი ჩააბარეს, ივანიშვილის გვერდით გატარებულ მინიმუმ 10 წელს ითვლის. ანზორ ჩუბინიძეს თუ დავეყრდნობით, მისი რეკომენდაციით წაიწია ბახუაშვილმა წინ, პირადი მცველის პოზიციაზე.
თბილისში, იორგი ბახუაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ერთადერთ მისამართზე, მისი მამიდა ცხოვრობს. გენინსპექციის შეფის 2 ძმის სახელზე კი 4 ბინაა გაფორმებული, თუმცა ზოგი გაქირავებულია, ზოგში კი “შაბათის ეთერს” არავინ დახვდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბახუაშვილი, თბილისის ძველ უბანში სიდედრის სახელზე გაფორმებულ რეზიდენციაში ცხოვრობს. ბახუაშვილის მეუღლე, თამარ ჩიკვილაძე საბავშვო ბაღ “ცეროდენას” ქსელის დამფუძნებელი და მფლობელია. ირკვევა ისიც, რომ 234 კვადრატული მეტრი რეზიდენცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის სიდედრის ანა უსტიაშვილის სახელზეა გაფორმებული. უსტიაშვილი, თბილისის ერთ-ერთი ცნობილი კერძო სკოლის ,,ახალი თაობის’’ დამფუძნებელი და მფლობელია. ბოლო წლებში ეს ბიზნესი საგრძნობლად განვითარდა და რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციით ულტრათანამდროვე კამპუსებიც ააშენა. უსტიაშვილის სახელზე არაერთი კომპანიაა, თუმცა მათ შორის არის, 2 წლის წინ დაფუძნებული ,,ახალი თაობა 2025’’. კომპანიის მეწილეებს შორის, ანა უსტიაშვილთან ერთად, გიორგი ბახუაშვილის ძმა, ირაკლი ბახუაშვილიც ფიქსირდება.
გარდა ამისა, გიორგი ბახუაშვილის ძმა, ივანიშვილის სასტუმრო ,,თაბორი პარაგრაფის’’ უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.







