რუსეთი უკრაინაზე შეტევის ახალი ეტაპისთვის ემზადება — The Times

რუსეთი ცდილობს, უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინელებზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის ძალები შეკრიბოს. ინფორმაციას ამის შესახებ The Times ავრცელებს.

გამოცემა უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ჯარები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან გადიან და დონბასში გადამწყვეტი შეტაკებისთვის ემზადებიან. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ საუბარია ათიათასობით ჯარისკაცზე, თუმც აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი რუსეთის გამარჯვებისთვის საკმარისი მაინც არ იქნება.

გამოცემის ცნობით, სხვადასხვა დასავლური წყარო მიიჩნევს, რომ ბრძოლა კვირის ბოლოსთვის კიდევ უფრო გამწვავდება. The Times-ის თქმით, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ოპერაცია“ გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.

მედიასაშუალების ინფორმაციითვე, სატელიტური ფოტოები მიანიშნებს, რომ რუსეთი ჯარებს და აღჭურვილობას უკრაინის საზღვართან, სულ მცირე, სამ ადგილას ამზადებს. საუბარია ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონებზე, ასევე, სამხრეთით მდებარე ქალაქის, მატვეევ კურგანის გარშემო.

The Times აღნიშნავს, რომ როგორც ცნობილია, ოპერაციას უხელმძღვანელებს გენერალი ალექსანდერ დვორნიკოვი, რომელმაც სირიის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცემის თქმით, რუსული ძალები აძლიერებენ ოპერაციებს იზიუმისა და ხარკოვის მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ წინსვლას სლოვიანსკის მიმართულებით შეეცდებიან, საიდანაც იბრძოლებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილის ალყაში მოსაქცევად. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საპორტო ქალაქ მარიუპოლის აღებას შეძლებს, გამოცემის თქმით, რუსეთი დაახლოებით 6 000 ჯარისკაცის გამოთავისუფლებას შეძლებს ჩრდილოეთში გასაგზავნად უკრაინული ჯარების უფრო დიდი ნაწილის ალყაში მოსაქცევად.

ბრიტანეთის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი რიჩარდ ბარნსი გამოცემასთან აცხადებს, რომ რუსეთი შეეცდება სახმელეთო ძალები მისთვის სასარგებლო პროპორციით განალაგოს, რადგანაც ცნობილია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პოზიციები უკრაინას კარგად აქვს მომზადებული. მისი თქმით, ამგვარი პოზიციების გადალახვა რთულია და საჭირო იქნება ერთი ხუთზე ან ერთი შვიდზე პროპორციით შეტევა ფრონტზე ბრძოლისთვის. მიუხედავად ამისა, ბრიტანელი გენერალი ეჭვობს, რომ რუსეთმა შეძლოს უკრაინაზე შვიდჯერ მეტი ძალების მობილიზება და აცხადებს, რომ წინ მძიმე ბრძოლაა.

ბარნსი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევას შეეცდება, რათა აიძულონ კარგად დაცული პოზიციების დატოვება. გენერალი გამოცემასთან ასევე აღნიშნავს, რომ გეოგრაფიიდან გამომდინარე, რუსული ტანკები ამ მონაკვეთებში სწრაფად გადაადგილებას შეძლებენ, რაც მათთვის დამიზნებას გაართულებს. მისი შეფასებით, წარმატებული ბრძოლისთვის უკრაინას უფრო შორ მანძილზე და მაღალი ლეტალობის შეიარაღება დასჭირდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევის დატოვების შემდეგ პუტინი დონბასში ათობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავდა, გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

12 აპრილს დასავლური ქვეყნების მაღალჩინოსნებმაც აღნიშნეს, რომ 38 რუსული ბატალიონი და ტაქტიკური ჯგუფი, რომელთაგან თითო 1000 სამხედროსგან შედგება, საბრძოლო მოქმედებებში ამჟამად ჩართული არაა. მათი ნაწილი, გამოცემის თქმით, ბრძანებას ელოდება ან დონბასის მიმართულებით ჯგუფდებიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის დასაწყისში უკრაინას დონბასში ათი ბრიგადა ჰყავდა განთავსებული, რაც მთლიანად უკრაინის ძალების ნახევარზე ოდნავ ნაკლები იყო. თავის მხრივ, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი აცხადებს, რომ დონბასისთვის ბრძოლა ორ თანაბარ ძალას შორის გაიმართება, რომელშიც დიდი ალბათობით უკრაინული მხარე გაიმარჯვებს:

„უკრაინელებს ზურგის ქარი აქვთ, მათ შეძლეს რუსეთის ყველაზე ძლიერი ბატალიონების დამარცხება. რუსული ჯარების შემდეგი ტალღა, რომელიც დონბასში ჩავა, არ იქნება მათი საუკეთესო ჯარი“, – ამბობს მინისტრი.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ამ დრომდე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და ბრძოლები ისევ მიმდინარეობს. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწორებული.

მსგავსი სიახლეები