„ნაცმოძრაობამ“ ბინძური ტყუილები და ისეთი შეურაცხყოფაც კი მაკადრა როგორც აფხაზეთის დავიწყების სურვილი

ნიკა გვარამია: დავით კირკიტაძემ ენმ-სგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით), დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს, რამაზ ნიკოლაიშვილმა კი, ასევე მისმა მძღოლმა აბდულა ისმაილოვმა, „მოახერხეს“ და 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შევიდნენ… ეს ხალხი სადაა? ან როგორ ხდება, რომ არავინ არ შეხებიათ და დღემდე ფულს აკეთებენ?

„რაკიღა „ნაცმოძრაობამ“ მოიგონა ბინძური ტყუილები და ისეთი შეურაცხყოფაც კი მაკადრა, როგორც აფხაზეთის დავიწყების სურვილი, თან არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, ახლა მე დავსვამ შეკითხვებს იმაზე, რაც მართლა მოხდა.

ქვემოთ ნიკა გილაურის ინტერვიუს ვდებ, რომელიც დღეს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. ამ ფონზე იდეა მომივიდა, მოვისმინოთ დავით კირკიტაძის (ენმ სიის 26ე ნომერი) ან რამაზ ნიკოლაიშვილის (ენმ სიის მე12 ნომერი) ინტერვიუები.

პირველმა ენმ-სგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით) და დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს. დღემდე გაურკვეველია, ენმს წევრმა კირკიტაძემ ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვნა ამხელა თანხა (თავი რომ დავანებოთ სახლებსა და მანქანებს), თუ ბიძინას დროს, რაც მხოლოდ ბიძინასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ასევე გაურკვეველია, თუ 9 მილიონი დაჯდა პარტიის ანგარიშზე, რატომ „ტირის“ ენმ, რომ არაფრის ფული არ აქვს.

მეორემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა, ასევე მისმა მძღოლმა აბდულა ისმაილოვმა „მოახერხეს“ და 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ჯერ წევრებად შევიდნენ და შემდეგ იმ დეპუტატთა ჯგუფში მოხვდნენ, ვისაც ხმა არ ამოუღია არც ერთხელ. რამაზ ნიკოლაიშვილი შემდეგ საპარლამენტო სიაში მაინც მოხვდა 2024 წელს, თან მე-12 ნომრად. მისი აზრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისევე, როგორც კირკიტაძის, არავის არ გაგვიგია. ეს ხალხი საერთოდ არავის უნახავს არჩევნების შემდეგ. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ გილაურისგან განსხვავებით, საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ, სხვების კი არა. და სხვების გაქრობაზე (სად გაქრა გილაური?) და პოლიტიკურ კორუფციაზე ლაპარაკობს ეს პარტია, თან სრულ ტყუილებს.

ახლების სიაში ერთ ადამიანს მაინც თუ იპოვნით ვინმე ან გილაურის ჩასმულს, ან ფული ვინც გადაიხადა, საჯაროდ პასუხი მომთხოვეთ და მამხილეთ.

გილაურის გაუჩინარებაზე რომ ლაპარაკობს, იმ პარტიას ვეკითხები: ეს ხალხი სადაა? ან როგორ ხდება, რომ არავინ არ შეხებიათ და დღემდე ფულს აკეთებენ? შემთხვევით ხდება ესეც ბიძინას საქართველოში? შეკითხვა რიტორიკულია.

რაც მეტ ტყუილს მოიგონებთ, მით მეტ სიმართლეს მიიღებთ. გარანტიას გაძლევთ“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები