საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი DW-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყანა ომით ვერ მოიპოვებს, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა რუსეთთან ომში გამარჯვებას ვერასოდეს შეძლებს:
„რაც ნამდვილად გვჭირდება, სწრაფი და მოკლე გზა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. ასეთ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს ომი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას,“ — ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, პერიოდულად იბომბება ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.