სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ქართულ ოცნებაში “კანონის წაკითხვაც არ იციან”. მისი თქმით, მმართველ გუნდში საუბრობენ ომბუდსმენის იმპიჩმენტზე, რაც კანონმდებლობაში საერთოდ არ წერია. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ მას დარჩა ერთ წელზე მეტი. მისი თქმით, ეს საკმარისი დროა, რომ ინსტიტუტმა გააკეთოს კიდვ უფრო მეტი.
“ადამიანები საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ესმით. საუბარია იმპიჩმენტზე — საერთოდ არ არსებობს კანონმდებლობაში იმპიჩმენტის პროცედურა სახალხო დამცველის. მოჰყავთ გაურკვეველი საკანონმდებლო რეგულაციები. მათ უბრალოდ კანონის წაკითხვაც არ იციან. მე მგონი ზოგადი განათლებაც კი არ აქვთ ამ ადამიანებს, არათუ პროფესიული განათლება. ვისაც შეაშინებენ ასეთი საუბრით, შეაშინონ ის ადამიანები. საკუთარ გარემოცვაში, როგორც ჩანს, ასეთი განცხადებებით აშინებენ ხოლმე ერთმანეთს.
ჩემთვის ეს არის სასაცილო. გააგრძელონ ასე საუბარი. ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და ჩვენს პოზიციონირებას კიდევ უფრო ამყარებს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩემი და ჩემი ოფისის და ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს. ასე რომ, შეუძლიათ გააგრძელონ თავისი არაკვალიფიციური და მავნებლური განცხადებები და მოქმედებები”, — თქვა ლომჯარიამ ფორმულასთან.
ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხშირად ადანაშაულებენ პარტიულობასა და მიკერძოებულობაში მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ გამოირჩევა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის “ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს”. ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებსაც.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ამ დასკვნის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები სახალხო დამცველს კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებენ. მაგალითად, ბექა დავითულიანის აზრით, ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში “ცოტა სხვა მხარეს” არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.