ქართულ მხარეს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში და აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის დარჩენა  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებს ქმნის. ამის შესახებ სამინისტრომ განცხადება საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ ინფორმაციის არმიწოდების გამო უკრაინული მხარისთვის .

მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად”, – განმარტებულია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაუგზავნეს.

სამინისტროს განცხადებით, სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენა დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში) დღეს, 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.

„ავადმყოფი გადაუდებლად იქნეს გადაყვანილი მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ 39-ე დღეა ციხეში შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, ის სიკვდილამდე შიმშილს აპირებს.

მთავრობა უარს აცხადებდა სამოქალაქო საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანაზე და აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სწორედ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში (ციხის საავადმყოფოში) გადაიყვანდა.

თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამებოდა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. გლდანის კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა თავად სააკაშვილიც.

მსგავსი სიახლეები